ბოლივიის პრეზიდენტი: “ევროპამ, აშშ ბრძანებით, სასიკვდილოდ გამწირა, თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა!”

დასავლეთის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ახლა პირზე დუჟმორეული ლანძღავს ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს, როგორც საჰაერო პირატს და ლამის ტერორისტს, თვითკრიტიკისგან ძალიან შორსაა. არადა, სწორედ ევროკავშირის და ნატოს რამდენიმე სახელმწიფოს საქციელი კინაღამ გახდა ბოლივიის პრეზიდენტის (2006-2019 წლებში), ინდიელთა ეთნოსის წარმომადგენლის, ევო მორალესის ძალადობრივი სიკვდილის მიზეზი – მაშინ, როცა ბოლივიის ლეგიტიმური პრეზიდენტი თვითმფრინავით მოსკოვიდან სამშობლოში მიემართებოდა.

აი ეს ყველაფერი როგორ მოხდა:

2013 წელს ნატოს რამდენიმე წევრმა-სახელმწიფომ, პირველ რიგში – შეერთებულმა შტატებმა და, მისი გავლენით, პორტუგალიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა, პირი შეკრეს, რომ ბოლივიის პრეზიდენტი მორალესი თავისი თვითმფრინავით ევროპის ტერიტორიაზე იძულებით დაესვათ.

თვითმფრინავისთვის იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და პორტუგალიის საჰაერო სივრცეების ერთდროული, დირიჟირებული ჩაკეტვა იმას ნიშნავდა, რომ არც მეტი, არც ნაკლები, ნატოს წევრი სახელმწიფოები მორალესის თვითმფრინავის კატასტროფის გამოწვევაზეც თანახმანი იყვნენ. მიზეზი – ამერიკელებს ჰქონდათ ინფორმაცია (ზოგიერთი ვერსიით, დეზინფორმირებულნი იყვნენ ჯულიან ასანჟის მიერ) , რომ მორალესის თვითმფრინავის ბორტზე ცნობილი დისიდენტი, ამერიკული სიბინძურეების გამჟღავნებისათვის დევნილი ედვარდ სნოუდენი იმყოფებოდა.

მომხდარის რამდენიმე ვერსია განიხილება, მაგრამ უმჯობესია, თავად საჰაერო პირატობის მსხვერპლს – სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტს, ევო მორალესს მოვუსმინოთ; ქვემოთ წარმოდგენილი ციტატა 2015 წლისაა, როდესაც მორალესმა გერმანულ “ტელეპოლისს” მისცა ინტერვიუ – ინციდენტიდან ორი წლის გასვლის შემდეგ:

მე ვფიქრობ, ეს იყო შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეების დამსჯელი ღონისძიება. მათ მე ხომ ბრალი დამდეს, რომ ეს ახალგაზრდა აქტივისტი, ედვარდ სნოუდენი, მყავდა ბორტზე. მე დაპატიჟებული ვიყავი რუსეთში, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების მიერ, სამიტზე. როდესაც შეხვედრები დასრულდა, მე სამშობლოსკენ გამოვფრინდი, მაგრამ როდესაც ლისაბონთან ახლოს გვინდოდა დაჯდომა [თვითმფრინავის ბაკის საწვავით შესავსებად – მთარგმნელის შენიშვნა], ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, დაჯდომა აგვიკრძალეს. უცბად გაირკვა, რომ ჩვენ არც იტალიაში და არც საფრანგეთში შეგვეძლო დაჯდომა.

დარჩა გზა მხოლოდ უკან, რუსეთისკენ და მე ვფიქრობ, რომ საწვავი აღარ გვეყოფოდა იქამდე. ამიტომ მე ვთქვი: ‘რატომ არ ვთხოვოთ ავსტრიას, რომ ტექნიკური საგანგებო შემთხვევის გამო მოგვცეს დაშვების უფლება?’ საბედნიეროდ, ავსტრიამ დაგვრთო ნება [ავსტრია არ არის ნატოს წევრი, იგი ნეიტრალური სახელმწიფოა – მთარგმნელის შენიშვნა] და ასე აღმოვჩნდით ვენაში. ვფიქრობ, რომ ავსტრიის პრეზიდენტმა და მთავრობამ ჩვენი დელეგაციის წევრების სიცოცხლე გადაარჩინეს!

მაგრამ, როგორ შეეძლო აშშ-ს, თავისი სპეცსამსახურების უდიდესი აპარატით, ისევე როგორც სხვებს, ეფიქრათ, რომ ჩვენ ის ბიჭი ბორტზე გვეყოლებოდა? ეს ვერაფრით გავიგე, მაგრამ ასეთ დასკვნამდე მივდივარ: აშშ-ის საიდუმლო სამსახურები ჭკუის ნაკლებობას განიცდიან.

და კიდევ ერთ რამეს ვფიქრობ: ჩვენს ადგილზე ბრაზილიის, არგენტინის ან კოლუმბიის პრეზიდენტი ყოფილიყვნენ და მათ ბორტზე მართლაც ის კაცი ჰყოლოდათ, არავინ ჩაერეოდა. მაგრამ ვინაიდან თვითმფრინავში მე ანუ ინდიელი ვიჯექი, მათ თავს უფლება მისცეს, დავეშინებინეთ, რადგან თავი დავანებოთ ჩვენს ანტიიმპერიალისტურ მისწრაფებებს. ეს იყო საპრეზიდენტო თვითმფრინავის გატაცება, მე ამას ასე ვაფასებ. ჩვენი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ ანტიიმპერიალისტები ვართ.

მოგვიანებით, ბუნებრივია, ბოდიში მოგვიხადეს, რომ მათ თითქოს არ იცოდნენ. მათ ვითომ არ იცოდნენ, რომ ევროპის ტერიტორიაზე აშშ მბრძანებლობს. სხვაგვარად ამ ამბის ახსნა შეუძლებელია. თუმცა ყველა როდია ამერიკის მთავრობის მათრახის ქვეშ მოქცეული, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველანი გავთავისუფლდეთ და ჩვენი სუვერენიტეტი დავიცვათ – არა მხოლოდ ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, არამედ არამედ ევროპის ქვეყნებმაც, რომელთა შორის ავსტრიაცაა, ჩვენი სიცოცხლეების გადამრჩენი ავსტრია (წყარო: “Telepolis“).

აღსანიშნავია, რომ ავსტრიის ხელისუფლებაც უდიდესი ზეწოლის ქვეშ მოექცა ამერიკელების მხრიდან. ავსტრიის ხელისუფლებას სუვერენული სახელმწიფოს ლიდერის თვითმფრინავის გაჩხრაკა უბრძანეს! ნეიტრალური, დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს ხელისუფლება უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ზუსტად დღემდე უცნობია, მოხდა თუ არა თვითმფრინავის ჩხრეკა (ავსტრიელები ასე ამბობენ) თუ მორალესმა თავისი გაიტანა და ჩხრეკა არ დაუშვა (როგორც თავად მორალესი ამტკიცებს)… ფაქტია, რომ მორალესთან ავსტრიის პრეზიდენტი მივიდა თვითმფრინავში და მათ ერთად ისაუზმეს.

ამ ბნელი ისტორიიდანაც კარგად ჩანს, რომ დასავლეთს “დიქტატორ” ლუკაშენკოზე ხმა არ ამოეღება. დასავლეთმა თავის სიბინძურეებს უნდა მიხედოს.

 

მოამზადა გულბაათ რცხილაძემ