ხმაურს გამოვიწვევთ იქამდე, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები

ხმაური იყო გვიან ღამით გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ.

აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამდნენ. ბარიკადებს მიღმა სამართალდამცველები იდგნენ. როგორც „ნამახვანჰესის“ პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი „ბარიკადებს იქამდე ურტყამენ, ვიდრე კომპანია „ენკა“ არ დატოვებს ტერიტორიას“.

გოლეთიანის განცხადებით, პროტესტის მონაწილეები ორ ადგილას შეიკრიბებიან, გზას გადაკეტავენ და კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებებს არ გაატარებენ. მისი თქმით, სრულად ბლოკირებული იქნება ხეობა მხოლოდ კომპანიისთვის, მოსახლეობას გადაადგილება არ შეეზღუდება.

„ამ პროტესტის ფორმას სიმბოლური ხასიათი აქვს. არ შევწყვეტთ აქ ამ ხმაურს, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმყოფილდება და პირველ რიგში, ეს ბარიკადები არ იქნება აღებული აქედან. ბუნებრივია, ჩვენ ძალადობრივ გზებს არ მივმართავთ, მაგრამ ამ ხმაურს გამოვიწვევთ იქამდე, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. ასევე ჩავკეტავთ შემოსასვლელ გზას და კომპანიის მანქანებს შეეზღუდებათ გადაადგილება. ჩვენთვის უმთავრესი სამოქმედო გეგმაა, რომ კომპანია „ენკამ“ ვერ შეძლოს შესვლა“, – განაცხადა გოლეთიანმა.

 

“იმედინიუსი”