ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით Facebook გვერდი – „პროვაქსი“ შეიქმნა

COVID 19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით Facebook გვერდი – „პროვაქსი“ შეიქმნა, – ამის შესახებ ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სოციალური მედიის გვერდზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია განთავსდება. გვერდი უზრუნველყოფს მოქალაქეების ინფორმირებას იმის შესახებ თუ სად და როგორ შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება. განთავსდება ვაქცინაციის პროგრამის დეტალები, ფაქტები და რეალური მონაცემები.

Facebook გვერდი საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, NCDC-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის – UK aid-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

მათი თქმით, მასობრივი ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა ცხოვრების ნორმალურ რიტმში სწრაფად დასაბრუნებლად.

აღარ მივცეთ კოვიდს უფლება ერთმანეთს დაგვაშოროს. აიცერი!

ცნობისთვის, კრეატიული კონცეფცია შემუშავდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის (GIIP), მეშვეობით.

პროექტის განმახორციელებელია „ზინქ ნეთვორქი“.

კამპანიის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან შეერთებული შტატების მთავრობის, ასევე დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციებს.