ვიდეო: “ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა – სოფელი გუმათი

სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას ორი პირი დააკავეს.

მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს აწვებოდნენ და ხელების აწევით ბარიკადების მიღმა შესვლას ცდილობდნენ, პოლიცია ხალხის მასას მოაწვა და ბარიკადების მეორე მხარეს გადავიდა, იქ, სადაც აქციის მონაწილეები არიან განლაგებული.

ამის შემდეგ აქტივისტებმა ხელების აწევის ჟესტით კიდევ ერთხელ მიმართეს სამართალდამცველებს, რომ მიეცათ ბარიკადებს მიღმა შესვლის უფლება, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ.

ბარიკადების მეორე მხარეს, სადაც აქტივისტები არიან განლაგებული, პოლიცია ჩადგა.

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ტერიტორიიდან ორი ადამიანი გაიყვანა, თუმცა უცნობია, მოხდა თუ არა მათი დაკავება.