იდლიბის პროვინციაში ვითარების გამწვავება არ უნდა გახდეს სირიაში აშშ-ის დაბრუნების მიზეზი, ბაშარ ასადის დამხობის მიზნით; ქურთების გარდა, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე მოქმედებენ, ამერიკას არ ჰყავს შესაფერისი პარტნიორები, რომლებიც სირიის არმიას ეფექტურად დაუპირისპირდებიან –
მიიჩნევს უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ამჟამად კი ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი.
ამერიკელმა დიპლომატმა განმარტა, თუ რატომ არის პუტინის პოლიტიკა სირიაში წარმატებული. მისი თქმით, სირიის არმიის ძლიერება ეჭვს არ იწვევს რუსეთის დახმარების ფონზე. ის დანაკლისი, რაც სირიის არმიამ განიცადა, მას რუსეთმა შეუვსო.
რაც შეეხება თურქეთს, ჰერბსტის შეფასებით, ეს სახელმწიფო თავისი პოლიტიკით სირიის მიმართ, სრულ იზოლაციაშია. რუსეთი თურქეთს არ მისცემს საშუალებას, გადალახოს ის წითელი ხაზები, რომლებიც რუსეთმა დააწესა:
“სირიის ჩრდილო-დასავლეთით მიმდინარე შეჯახებები ადასტურებს, რომ კრემლს აქვს ზღვარი, სადამდეც იგი თანახმაა, ელოლიავოს თურქეთს. … მაშინ, როდესაც პუტინი ათი წლის მანძილზე მოხერხებულად ქმნიდა უთანხმოებას თურქეთსა და ნატოს შორის, მან ნათლად მიანიშნა, რომ სირიაში რუსეთის მიღწევები მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ურთიერთობები ერდოღანთან. მრავალრიცხოვანი სამხედრო ფრენები თურქეთის ტერიტორიაზე 2015 წლის შემოდგომას, რამაც თურქეთის მიერ რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდება გამოიწვია, ამაზე ადრეც მიუთითებდნენ. როგორც ჩანს, პუტინმა გათვალა, რომ თურქებზე დარტყმის მიყენება არ გამოიწვევს ნატოს გამოსვლას თურქეთის მხარეს, იმიტომ, რომ ერდოღანის პოლიტიკა სირიაში დასავლეთის მიერ პრობლემურად აღიქმება”.
ჰერბსტი ასევე დარწმუნებულია: “იდლიბში თურქეთის ჯარისადმი მიყენებული დარტყმები ხაზს უსვამს თურქეთის იზოლაციას ერდოღანის მერკანტილური პოლიტიკის შედეგად. მან უნდა შეიგნოს, რომ მოსკოვი სირიაში მის წინააღმდეგ წავა, თუკი თურქული ჯარები შეეწინააღმდეგებიან ასადის წინსვლას. მან ასევე უნდა გაიგოს, რომ ნატო მხარს არ დაუჭერს, თუკი მისი თაღლითური პოლიტიკა კონფრონტაციას გამოიწვევს. ერდოღანს ასევე უნდა სცოდნოდა, რომ სარაკეტო სისტემა С-400-ის ყიდვა ვაშინგტონს ამ კრიზისში თურქეთის მხარდაჭერის საშუალებას მოუსპობდა”.