2:0 ბიძინას სასარგებლოდ – ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს

ამერიკელი “ლობისტების” მიმართ გააქტიურებულმა ბიძინა ივანიშვილმა ფულით ჯერ “კრიტიკოსი” ამერიკელი კონგრესმენები ასე თუ ისე გააჩუმა, შემდეგ კი, “ენდეაის” მუშაობით უკმაყოფილომ, მატყუარა ამერიკული ორგანიზაციის დირექტორის, ლორა თორნტონის დაჩქარებულ წასვლას მიაღწია. ანგარიში 2:0 გახდა, ბიძინას სასარგებლოდ.

მართალია, “ენდეაიში” (NDI) აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილება “გეგმიურია”, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ვცვლით დირექტორსო, მაგრამ თორნტონი არ გავდა იმ დირექტორს, რომელიც წასვლას აპირებდა. “ენდეაის” თბილისის ოფისის დირექტორის თანამდებობაზე მისის თორნტონი არა ხუთი, არამედ 6 წელია, მუშაობს. თუ შეცვლა უნდოდათ, ერთი წლით ადრე უნდა შეეცვალათ. მაგრამ გამოჩნდა “გაუთვალისწინებელი გარემოება” და თორნტონს თანამდებობას ატოვებინებენ. ეს ცვლილება ხდება მას შემდეგ, რაც საქართველოს “ენდეაის” პრეზიდენტი, დერეკ მიჩელი, ეწვია და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, შემდგომ კი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

შეგახსენებთ, ამერიკული ორგანიზაცია “ენდეაი”, რომელიც აშშ დემოკრატიული პარტიის საერთაშორისო სტრუქტურას წარმოადგენს, არაერთხელ იქნა მხილებული საქართველოში სოციოლოგიური კვლევების შედეგების მანიპულირებასა და ყალბი შედეგების გამოცხადებაში.