ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 1945 წლის 24 ივნისის ფაშიზმზე გამარჯვების პირველი აღლუმის მონაწილე, უკრაინის მე-4 ფრონტის ახალგაზრდა გენერალ-მაიორი ლეონიდ ბრეჟნევი მომავალში სსრკ-ში პირველი პირი გახდებოდა.
ჩვენ თაობას გენერალური მდივანი როგორც მოხუცი და ჯანმრთელობაშერყეული, ისე ახსოვს. არადა, დრო იყო, როდესაც ლიონია სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. ქართველმა საბჭოთა გენერალმა კონსტანტინე ლესელიძემ ახალგაზრდა და კომუნიკაბელური პოლკოვნიკი გენერლობაზე წარადგინა.
აშშ-ში მოსახლეობას ახსოვს ხრუშჩოვის ვიზიტი და ყველაზე მეტად ალბათ ის აღიზიანებდათ, რომ სსრკ-ს ლიდერმა გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს ფეხსაცმელი გაიხადა და დემონსტრაციულად ტრიბუნას ურტყა.
1972 წელს პრეზიდენტი ნიქსონი მოსკოვს ესტუმრა, სადაც ხელი მოეწერა რიგ მიშვნელოვან ხელშეკრულებებს სტრატეგიული შეიარაღებების სფეროში, ხოლო შეხვედრას დასავლურმა პრესამ „საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვა“ უწოდა. უკვე წლის შემდეგ, ივნისის თვეში, „ვნუკოვო-2“ აეროპორტიდან ცაში აიჭრა სამთავრობო ლაინერი „ილ-62“, რომლის ბორტზე საბჭოთა მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით.
დელეგაციის პირველივე წუთებიდან ამერიკულმა მედიამ მძიმედ დაიჭირა თავი, თუმცა მოულოდნელად ყველასთვის ბრეჟნევმა ამერიკული სიგარეტი „მარლბორო“ გააბოლა… ვაშინგტონელმა ჟურნალისტებმა იმარჯვეს და კითხვა შეაგებეს სტუმარს, თუ რატომ ეწეოდა სსრკ-ს ლიდერი მათი წარმოების თამბაქოს. ამ უკანასკნელმა კი ყველასთვის მოულოდნელად ნაწარმი შეაქო და მასპინძლებს ამცნო, რომ ჩაფიქრებული ქონდა საბჭოეთს აღნიშნული თამბაქოს ეწარმოებინა, გამაგრილებელ სასმელ „პეპსისთან“ ერთად…
პირველივე დღიდან ამერიკელებმა შეამჩნიეს, რომ ლეონიდ ილიჩი სულ არ გავდა მის წინამორბედ ხრუშოვს. პირიქით, ის ახალგაზრდა იყო, სულ იღიმოდა, თავაზიან პასუხს სცემდა საზოგადოებას და, რაც მთავარია, იუმორით აღსავსე იყო.
წლით ადრე ბრეჟნევმა მოსკოვში სტუმრად ჩასულ ნიქსონს გაუღიმა და მოულოდნელად ჰკითხა: „ძალიან მომეწონა თქვენი ‘ლინკოლნი’ და შეიძლება, მეც რომ ამდაგვარი მანქანა მქონდეს?“
პრეზიდენტმა თავაზიანად გაუღიმა და მხოლოდ თავი დაუქნია. საპასუხო ვიზიტის დროს კი ლურჯი ფერის ,,ლინკოლნი/კონტინენტალი“ ამერიკელმა უჩვენა გენერალურ მდივანს და საჩუქრად უსახსოვრა. სხვათა შორის, თანხა ავტომობილის შესაძენად ადგილობრივმა ბიზნესმენებმა შეაგროვეს – 10 000 აშშ დოლარი. მსყიდველობითი უნარით დღეს ეს თანხა 60 000 აშშ დოლარის ტოლია.
ახალგაზრდა ბრეჟნევს სულმა წასძლია და საჩუქრის შემოქმედს შესთავაზა ავტოთი გასეირნება. მომავალში ნიქსონი გაიხსენებს: „ბრეჟნევი ჩინებული მძღოლია. მას ძალიან უყვარს სწრაფად მოძრაობა და სულ იღიმება. ერთ-ერთ სახიფათო მოსახვევს 80 კმ/სთ გაუმკლავდა. მე რომ საჭესთან ვყოფილიყავი, ავტოკატასტროფა გარდუვალი იქნებოდა“.
პრივატული საუბრის დროს, მაღალჩინოსნებს ოფიციანტმა ვისკი მიუტანა. ბრეჟნევი განცვიფრდა და ნიქსონს თარჯიმანის საშუალებით კიდეც კითხა: „კი , მაგრამ სპირტიან სასმელს მისაყოლებელი არ სჭირდება ? როგორ დავიჯერო, რომ სოდიანი წყალი დაგვანაყრებს?!“ …
„ნამდვილად არ ველოდი, თუ გენერალური მდივანი წამოაყენებდა იდეას ორ სახელმწიფოს შორის გაზრდილიყო ვაჭრობა. არ დავიბენი და ვკითხე, იქნებ ორჯერ გავზარდოთ? სტუმარმა გადმომხედა და გულღიად მიპასუხა: „და იქნებ სამჯერ იყოს მეტი იყოს?“. დავთანხმდი“ – იხსენებდა უკვე პენსიაზე გასული აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ნიქსონი.
რეალურად, საბჭოთა დელეგაციის ვიზიტი ოკეანესგაღმა საგარეო უწყებათა მხრიდან, საკმაოდ მომზადებული იყო. პროტოკოლის ამერიკულმა მხარემ საბჭოთა ლაინერ „ილ-62“-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა საბჭოთა საგარეო უწყებას. მოგეხსენებათ, ხრუშჩოვის ვიზიტი აშშ-ში ტუ-114 შედგა, რომლის სიმაღლე ტრაპი აეროპორტს არ აღმოაჩნდა და ყოფილ გენერალურ მდივანს ლამის ორი საათი თვითმფრინავის სალონში მოუწია ყურყუტი.
ბრეჟნევს იმთავითვე მოეწონა ნიქსონი, როგორც პიროვნება და, ეტყობა, სწორედ ამიტომ ლაღად იქცეოდა სტუმრად. რით მოხიბლა ამერიკელმა საბჭოეთის ლიდერი? ლენინგრადში საზეიმო სუფრის დროს, პრეზიდენტმა პარტიული მუშაკების-და მოულოდნელად წარმოთქვა სადღეგრძელო : „Слава героям Ленинграда!“ თავად ომის ვეტერანი, ბრეჟნევი ფეხზე წამოიჭრა და „პარტიული კოცნა“ უწყალობა ოქროს სიტყვების ავტორს.
კემპ-დევიდში ყველა სტუმარს ამერიკელი პრეზიდენტები სამხედრო-საზღვაო ოფიცრის ქურთუკს წარწერით „კემპ-დევიდს“ ჩუქნიან. გენერალურ მდივანსაც აჩუქეს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სახელწოდების მეორე მხარეს ლათინურად დააწერეს – „Leonid Brezhnev“. სიხარულისგან თავი ვერ შეიკავა სტუმარმა, ჟურნალისტებს უჩვენებდა საჩუქარს და ამაყობდა საკუთარი სახელით…
ფაქტია, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდა გენერალური მდივანი ნამდვილი დიპლომატი გამოდგა ამერიკულ ჭადრაკის მაგიდაზე. დღეს საკმაოდ ბევრი სვამს კითხვას, თუ ვინ მოიგო ამ ვიზიტისგან. უპრიანი იქნება, ვთქვათ, რომ მოულოდნელობის ეფექტმა იმოქმედა – იმიჯის თვალსაზრისით, გაიმარჯვა ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევმა, რომელიც საკუთარ მემუარებში აღნიშნავდა, რომ ადამიანს გაქანება უნდა მიეცეს. გენსეკის უდიდესი დამსახურებაა, რომ მოსკოვის ოლიმპიური თამაშებისთვის საბჭოთა დახლები დასავლურს არ ჩამოუვარდებოდა და ეკოლოგიურად კიდეც სჯობდა, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა…
ბექა კვიციანი