ეროვნული ბიბლიოთკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ვირუსისგან განკურნების ხალხურ მეთოდებზე წერს და აღნიშნავს, რომ არასდროს დასცინებს ადამიანს, რომელიც კორონავირუსს ნივრით ან ცხელი წყლით ებრძვის.
„ვერასდროს დავცინებ ადამიანს, ვისაც სჯერა, რომ ჯერაც ჯეროვნად შეუსწავლელ კორონა ვირუსს ცხელი წყალი, ნიორი ან შელოცვა უშველის. მორალისტი როდი ვარ და სარკაზმის აუცილებლობაც ცხადად მესმის – მეც შეიძლება გამეცინოს და მეცინება კიდეც, მაგრამ ზუსტად იმ წუთს, როცა რაღაც მწარე უნდა ვთქვა, მახსენდება, როგორ ეძებდა მამაჩემი მეზობლებთან ღორის გამომშრალ ყბას. ჩემთვის, ყბაყურიანისთვის ეძებდა – ყბაზე რომ დაედო. მამაჩემს უნდოდა, ღორის ყბას მოვერჩინე – ასე უთხრეს. აფთიაქი რომ ყოფილიყო და წამლის ფული, მამაჩემს ეგ ენდომებოდა. ამიტომაც ეძებდა ყბის ძვალს და სჯეროდა. ამ ხალხის არცოდნასაც იაფად გადარჩენის გარდაუვალი სურვილი ჩრდილავს და ეს სურვილი სახარხარო ვერ არის. წინადადება – ,,სანამ ეს ბნელი ხალხი იქნება, არაფერი გვეშველება – ყველა სხვა დაარჩენ წინადადებაზე მავნეა. არაფერი გვეშველება, სწორედ არაფერი, თუ ამ ხალხისთვის ხელის გაწოდებას არ ვისწავლით. აი, ამ ,,ბნელი ხალხისთვის. ხელის გაწოდებას და ცოდნის მიწოდებას.
ადამიანი სულ ცდილობს გამოსავლის ძებნას და ბოლოს იმ საყრდენს ეყრდნობა, რაც გაუძლებს. ეს ხალხი ცხელ წყალს სვამს, მაგრამ ჩვენ, მცოდნე ფარისევლებს ბევრად გვჯობიან. ჩვენ, ყველაზე ცუდი და ძნელად მოსარჩენი გრიპით, სხვების შეუმჩნევლობით ვართ ავად. და არც ექიმს ვუხმობთ და არც ჩვენ ვაქიმობთ საკუთარ თავს.
ახლა აუცილებლად გადავრჩებით. მაგრამ ნაკორონალზე, გარდაუვლად დასაწყებია ეს მძიმე ვარჯიში – ერთმანეთის შემჩნევა აივნიდან, ეზოდან და სარდაფიდან – აივანზე, ეზოში და სარდაფში.
სხვა გზა არ არსებობს. ან თუ არსებობს – არ ვარგა“, – წერს კეკელიძე.