რას შეცვლის ახლო აღმოსავლეთის არეულ და დაძაბულ სინამდვილეში ამერიკელების მიერ ავღანეთის დატოვება

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს ავღანეთიდან, დაპირებისამებრ, გამოჰყავს თავისი ჯარები, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, თალიბები ისევ გააქტიურდნენ, არის მოსაზრება, რომ თალიბების გასანეიტრალებლად აშმ-მა შესაძლოა, არც მეტი, არც ნაკლები, ირანთან ითანამშრომლოს.

„ჰამასის“ გააქტიურებისა და აშშ-თურქეთს შორის ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ გაკეთებული განაცხადის გამო დაძაბულობის მომატების ფონზე, მართლაც, ხომ არ არის მოსალოდნელი ირან-აშშ-ის თანამშრომლობა და, საერთოდაც, როგორ აისახება რეგიონზე, ანუ ახლო აღმოსავლეთზე ავღანეთის მისი დღევანდელი ხელისუფლების იმედად დატოვება? – ამ თემაზე თავის აზრს ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი ვასილ პაპავა გაგვიზიარებს.

– ის ფაქტი, რომ არავის ჯარი აღარ იდგება ავღანეთში, რა სიახლეს შეიტანს ახლო აღმოსავლეთის მძიმე საერთო სურათში?

– შესავლისთვის მოკლედ ვიტყვი, რომ, რაც წამიკითხავს და მომისმენია ავღანეთის შესახებ, ყველგან გატარებულია აზრი, რომ ავღანეთის კრიზისი არის მხოლოდ გარე ძალების მიერ ინსპირირებული, რაც სიმართლე არ არის. თავისთავად, გარე ძალებს შეუძლია, ჩაერიონ ნებისმიერი პატარა სახელმწიფოს შიდა ცხოვრებაში, არიონ და გადაატრიალონ, თუმცა ავღანეთის შემთხვევაში ასე არ არის. ბოლო 300 წლის განმავლობაში ავღანეთი შედარებით სტაბილური იყო მხოლოდ მეფე მუჰამედ ზახირ შაჰის მმართველობის პერიოდში. ეს არის 1933-1973 წლები. როდესაც ავღანეთში მონარქია დაამხეს, ახალმა ხელისუფლებამ სულ სხვა პოლიტიკის გატარება დაიწყო ეროვნული და რელიგიური უმცირესობების მიმართ, რაც ავღანეთში შემდგომ განვითარებული პროცესების კატალიზატორი გახდა.

ეთნიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც შეადგენდნენ ავღანეთის მოსახლეობას – სუნიტი პუშტუნები, შიიტი ხაზარელები, უზბეკები, ტაჯიკები და სხვები – სხვა სახელმწიფოები იყენებდნენ სიტუაციის გასართულებლად ავღანეთში. ავღანეთში საბჭოთა კავშირის შესვლას მოჰყვა პროკომუნისტური გადატრიალება და ხელისუფლებაში პროკომუნისტური ძალების მოსვლა. ეს იყო ისლამურ სახელმწიფოში კომუნისტების სათავეში მოსვლის მეორე შემთხვევა, სამხრეთ იემენის შემდეგ. ავღანეთის ხელსუფლებამ მაშინვე დაიწყო მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ტოტალური დევნა.

ეს, თავისთავად, გახდა მთავარი დასაყრდენი გარე ძალებისთვის, რომ გაეღვივებინათ შესაბამისი განწყობა ავღანეთში და გამოეცხადებინათ ჯიჰადი საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირე კომუნისტური რეჟიმებისადმი. ავღანეთი აღმოჩნდა ერთ-ერთი ნოყიერი ნიადაგი ანტისაბჭოთა დამოკიდებულების გასაღვივებლად და როდესაც საბჭოთა ჯარებმა დატოვეს ავღანეთი, ნაჯიბულას ხელისუფლება – ბოლო პროსაბჭოური ხელისუფლება, მოჯაჰედებმა დაამხეს 1992 წელს.

ამის შემდეგ თალიბები მართავდნენ ქვეყნის, დაახლოებით, ორ მესამედს, გამოაცხადეს ავღანეთის ისლამური საამირო. ეს იყო ისლამისტური რეჟიმი, რომელიც ძირშივე სპობდა ყველაფერს, რაც დასავლეთთან ასოცირდებოდა: რადიო, ტელევიზორი, მუსიკა, თმის ევროპულ სტილზე შეჭრა.

ავღანეთი მსგავსი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში გახდა ნოყიერი ნიადაგი სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებებისთვის. ავღანელი მოჯაჰედები მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში ბოსნიაში, ჩრდილო კავკასიაში, იემენში, ანუ ავღანეთი გახდა სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების დასაყრდენი ტერიტორია – ტერორისტების საწრთვნელი ბანაკებით. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ-მა შეუტია თალიბებს, დაამხო მათი ხელისუფლება. ბევრისთვის უცნობია, მაგრამ მაშინ პროირანული დაჯგუფებები ამერიკელ სამხედროებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას რიგი ქალაქების აღებაში.

– შემთხვევით მოხდა ეს თუ რა გახდა მიზეზი?

– თალიბების რეჟიმი მკვეთრად ანტიირანულ საგარეო და ანტიშიიტურ საშინაო პოლიტიკას ატარებდა, არადა, იქ რამდენიმე მილიონი ხაზარელი ცხოვრობს, რომლებიც კულტურულად, ენობრივად ირანელებს ენათესავებიან. ფაქტია, რომ, როდესაც აშშ-მა და კოალიციამ დაიწყეს შეტევა თალიბების წინააღმდეგ, ირანელებიც იღებდნენ ამაში მონაწილეობას. თალიბების დამხობის შემდეგ ირანმა თავისი პოზიციები გაიმყარა, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ამერიკელების დახმარებით. ირანს ხელ-ფეხი გაეხსნა, გაეფართოებინა თავისი რეგიონული გავლენა ავღანეთისა და ერაყის მიმართულებით, უბრალოდ, ახლა ერაყს არ შევეხები. აქედან გამომდინარე, ამერიკის ჯარების გაყვანის შემდეგ ჩნდება შესაძლებლობა, რომ ამერიკამ ირანელების ხელით გაატაროს თავისი ინტერესები რეგიონში.

– რატომ ამერიკამ და არა რუსეთმა, რომლის მოკავშირედაც ირანი მიიჩნევა?

– მოკავშირედ მიიჩნევა, მაგრამ მათ განსხვავებული ხედვები აქვთ ახლო აღმოსავლეთში; სირიაშიც, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობენ. რუსეთი გაცილებით ძლიერი სახელმწიფოა და ამიტომ ირანი აშკარად არ გამოხატავს ამ შეუთავსებლობას.

მოკლედ რომ ვთქვა, რუსეთსა და ირანს ერთმანეთი სჭირდებათ და რომ იტყვიან, ხელი ხელს ჰბანს: ირანელების გარეშე რუსეთი ასადის რეჟიმს ვერ გადაარჩენდა, ისევე, როგორც ირანი ვერ გადაარჩენდა ასადის რეჟიმს რუსეთის სამხედრო დახმარების გარეშე.

არავის უნდა, რომ ავღანეთის ხაფანგში გაყოს თავი და რეგიონული სახელმწიფოები შეეცდებიან, ეს ნიშა დაიკავონ, მათ შორის ერთ-ერთია ირანი, რომელიც არის ძლიერი და მოტივირებული სახელმწიფო და გააჩნია თავისი ინტერესები ავღანეთისადმი. ირანის უპირველესი ინტერესია უსაფრთხოება – ავღანეთის დეფრაგმენტაცია საფრთხეს უქმნის ირანს, ვინაიდან გაიზრდება ტერორიზმის საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ წლებია, ირანი ჯიუტად იმეორებდა, უცხო ქვეყნის ძალებმა უნდა დატოვონ ავღანეთი და ავღანელმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედიო, რაც თალიბებისთვის ხელსაყრელი იყო. ამის გამო ერთგვარად დროებით დაზავდნენ ირანი და თალიბები. ირანისთვის მთავარია, რომ ავღანეთში სიტუაცია დასტაბილურდეს, მიუხედავად ხელისუფლებისა, ოღონდ ეს ხელისუფლება არ უნდა იყოს მკვეთრად პროდასავლური და ანტიირანული.

– აშშ-ს გაჰყავს ჯარი, ამით ხომ იქმნება ვაკუუმი ავღანეთში?

– დარჩენილია 2 500 ჯარისკაცი. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც იყო – დაახლოებით, 120 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა ავღანეთში. 2 500 ჯარისკაცს არანაირი ძალა არ აქვს, მაგრამ ეს მაინც ნიშნავს, რომ ამერიკას ფეხი უდგას იქ, მაგრამ ამ ძალების გაყვანის შემდეგ ვითარება სხვაგვარი იქნება. თან, ავღანეთში თალიბები უკვე გააქტიურდნენ. ამერიკის სამხედრო ბაზები გადადის ავღანეთის ხელისუფლების კონტროლქვეშ და თალიბებმა უკვე აიღეს მთელი რიგი ამერიკული ბაზები, რომლებიც ამერიკელებმა ავღანელებს გადაულოცეს. თუმცა არის ინფორმაცია, რომ ავღანელი ძალოვნები ძლიერ არიან ჩაფლულნი კორუფციაში და ხშირად ისინი თავად ყიდიან თალიბებზე იმ სამხედრო ტექნიკას, რაც ამერიკელებმა დაუტოვეს. მათი მოტივაცია და შემართება თალიბებთან შედარებით, ძალიან დაბალ დონეზეა, მართალია, რაოდენობრივი უპირატესობა ავღანეთის ხელისუფლების მხარესაა, მაგრამ რამდენიმე ათასმა თალიბმა თავისუფლად შეიძლება, აიღოს რამდენიმე ქალაქი 50 000-ანი გარნიზონით.

ირანისთვის მიუღებელი იქნება, რომ თალიბებმა კონტროლი დაამყარონ ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე. ამასთან, ავღანეთში არის სხვა დაჯგუფებებიც, რომელთა ინტერესი არ არის თალიბების მიერ ავღანეთის სრული ტერიტორიის კონტროლი: ესენია ხაზარელები, ტაჯიკები, უზბეკები. მეორე მხრივ, ავღანეთის ინტერესი სხვა გარე მოთამაშეებსაც აქვთ: რუსეთს, პაკისტანს, ინდოეთს, საუდის არაბეთს, ბრიტანეთს, ამერიკას, ირანს, თურქეთსაც. თალიბების სრული რევანში ნიშნავს ამ ძალების სრულ კოლაფსს, რასაც არავინ დაუშვებს, ბალანსი იქნება დაცული და ირანი შეეცდება ამ ბალანსის შენარჩუნებასა და თავისი გავლენის გაძლიერებას.

ჩემი აზრით, რეგიონულ დონეზე ამერიკის ინტერესიც შეიძლება, იყოს ირანის ჩართვა ავღანეთის საკითხში. საუბარი არაა სამხედრო კომპონენტზე. ირანელებმა უფრო კარგად იციან ავღანეთის სპეციფიკა, ვიდრე, მაგალითად, ბრიტანელებმა, რუსებმა ან ამერიკელებმა. ამდენად, ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია ამერიკელებისა და ირანელების თანამშრომლობა, რომ არ დაუშვან თალიბების სრული რევანში, ვგულისხმობ ავღანეთის ხელისუფლების დამხობასა და ხელისუფლებაში თალიბების მოსვლას. თუმცა თალიბები, იმ მიზეზების გამო, რომლებიც დავასახელე, ვერ შეძლებენ კონტროლის დამყარებას მთელი ავღანეთზე. წლების წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანელები ცდილობდნენ, თავიანთი კანდიდატები გაეყვანათ ავღანეთის აშშ-ის მიერ მოყვანილ ხელისუფლებაში, ამდენად, დასავლეთისთვისაც და ამერიკისთვისაც სავსებით მისაღებია, რომ ჯარების გამოყვანით შექმნილი ვაკუუმი დააბალანსოს ირანმა, რომელიც არ არის დაინტერესებული თალიბების გაძლიერებით და, ამასთან, არც იმით, რომ კოალიციამ ახალი მისია გამოაგზავნოს ავღანეთში.

– ამერიკელების გასვლა და ირანის იმედზე ავღანეთის დატოვება არის თავად ამერიკელების სწორი გადაწყვეტილება იმ ფონზე, რაც ზოგადად ხდება ახლო აღმოსავლეთში?

– ამერიკას გაჰყავს რეგულარული ჯარები. მაგრამ აქ მეორე მომენტია: რჩებიან სამხედრო ინსტრუქტორები, 18 000-მდე და კერძო სამხედრო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც დაკომპლექტებულია ყოფილი სამხედროებით, დაახლოებით, 20 000 ადამიანია. ანუ ხდება ის, რაც მოხდა ერაყში.

– და იმ ამერიკელი ინსტრუქტორების უსაფრთხოებას ვინ დაიცავს, თუ თალიბები დაესხმებიან თავს?

– ტექნიკური უპირატესობა ამერიკელების მხარესაა. თუ ირან-ამერიკის შეთანხმება შედგება, ეს ოფიციალური არ იქნება. გავიხსენოთ, რომ შაჰის დამხობამდეც აქტიურად თანამშრომლობდა ამერიკის მთავრობა შაჰის ოპოზიციასთან და შაჰის დამხობის შემდეგ ირანის ახალ ხელისუფლებასთანაც, ანტიამერიკულად განწყობილთან. ამერიკა არ არის დაინტერესებული ავღანეთის არსებული ხელისუფლების დამხობით, ისევე, როგორც ირანი. იმ მოცემულობას, რომ ირანს აქვს გავლენა ავღანეთში, ამერიკა ვერ შეცვლის, მაგრამ შეუძლია სათავისოდ გამოყენება. თუ თალიბები დაამხობენ პროდასავლურ ხელისუფლებას ავღანეთში, მაშინ სრულად ირღვევა ის ბალანსი, რაც თალიბების დამხობის შემდეგ შეიქმნა. ამდენად, ამ მოცემულობის შენარჩუნება ამერიკის ინტერესიცაა და თალიბების გაძლიერება ეწინააღმდეგება ირანის ინტერესებსაც. თან, ამერიკელების გასვლის შემდეგ ავღანეთის ხელისუფლება უფრო ლოიალური იქნება ირანთან და რეგიონის იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც არ ცდილობენ მის დამხობას.

“თბილისელები”