მაიკ რაიანი – კორონავირუსის წარმოშობის დადგენის პროცესი პოლიტიკით იწამლება

კორონავირუსის წარმოშობის დადგენის პროცესი პოლიტიკით იწამლება – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, მეცნიერები ვირუსის წარმოშობის დადგენას აქტიურად ცდილობენ.

„გვინდა გთხოვოთ, თუ შეგიძლიათ მეცნიერება პოლიტიკისაგან გააცალკევეთ. მთელი ეს პროცესი პოლიტიკით იწამლება. ყველა ქვეყანას შეუძლია გამოთქვას აზრი, თეორია ვირუსის წარმოშობის შესახებ. ეს თავისუფალი სამყაროა. ჯანმო არის ორგანიზაცია და ვცდილობთ ვითანამშრომლოთ ყველა ქვეყანასთან, რათა პასუხებს ერთობლივი მუშაობით მივაგნოთ“ – აღნიშნა რაიანმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურებს ვირუსის წარმოშობის შესწავლა დაავალა. მანამდე, გასაჯარობდა აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სამი მკვლევარი, Covid-19 ის მსგავსი სიმპტომებით 2019 წლის ნოემბერში საავადმყოფოში იმყოფებოდა.

წყარო: newposts.ge