“რუსეთის პრეზიდენტი რეალურ პოლიტიკას ატარებს, ამიტომ სჯობს, მასთან ურთიერთობა მოგვარდეს, მაგრამ ამ პროცესის დაწყების გამზადებული რეცეპტი არავის აქვს”
სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:
_ ნატოში საქართველოს არ მიიღებენ და ამაზე გამუდმებით ვსაუბრობ. მოლოდინები ჩვენს ხელისუფლებებს სულ აქვთ, მაგრამ ტყუილად. შევარდნაძის პერიოდიდან ნატოს კარზე ვაკაკუნებთ, ვაკაკუნებთ კი არა, “ფორტოჩკიდან” ვძვრებით, მაგრამ არაფერი გამოგვდის.
ძალიან კარგად იცის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა, რომ ტყუილი საუბრებია ნატოზე. მას საზღვარგარეთ შეხვედრებზე ყველაფერს გარკვევით ეუბნებიან. უბრალოდ, ის საუბრობს ისე, როგორც არიგებენ.
ნატოში შესასვლელად საქართველო მზად არ არის, ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ბლოკი, ის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელსაც დიდი მოთხოვნები აქვს, საქართველო კი ამ მოთხოვნების შესრულებას ვერ ახერხებს და ვერც მოახერხებს. დღეს 21-ე საუკუნეა და არა 1952 წელი, როდესაც ნატოში არადემოკრატიული თურქეთი გაწევრდა, რაც კორეის ომის გამო მოხდა…
“ექვსი ქვეყნის ერთობაც” არ გამოვა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი, თითქოს ჩანს, ამის მომხრეა, მაინც არ დათანხმდება. ერდოღანის ეს ინიციატივა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების საკითხებს რომ მოიცავდეს, შესაძლოა, რაიმე გამოვიდეს ამ საქმიდან, მაგრამ მას დიდი და შორს მიმავალი გეგმები აქვს, ის ნაციონალისტია, ამიტომ რუსეთის პრეზიდენტი ამ გეგმის განხორციელებას არ დაუშვებს. რუსეთის პრეზიდენტი რეალურ პოლიტიკას ატარებს, ამიტომ სჯობს, მასთან ურთიერთობა მოგვარდეს, მაგრამ ამ პროცესის დაწყების გამზადებული რეცეპტი არავის აქვს. გარდა ამისა, რომელ დიდ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს, ქვეყანას ტოვებენ საუკეთესო ახალგაზრდები… ხელისუფლებას ვურჩევ, მიხედოს ხალხს, ნუ დაშორდება საზოგადოებას, ნუ მისცემს სალაპარაკოს ნოდარ მელაძეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატოზე ოცნება კი არა, საქართველოში ყოფნაც შეიძლება სათუო გაუხდეთ.
გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”