ქართველი მოსწავლეები ჩამორჩენილები არიან – მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ საქართველოში განათლების სისტემის ერთ-ერთი პრობლემა სწავლის ხარისხია და ბავშვი, რომელიც სკოლაში 12 წელს ატარებს, შედეგებით მე-8, მე-9 კლასელის დონეზეა.

ამის შესახებ მან განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით, მსოფლიო ბანკის ახალი პროექტის პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რაც დრო გადის, უფრო ცხადად მტკიცდება, რომ განათლების დონე საბჭოთა საქართველოში გაცილებით დიდი იყო, ვიდრე დღეს არის.

ამ ვითარებას სავარაუდოდ ვერც ის მასშტაბური პროექტი შეცვლის, რომელიც მსოფლიო ბანკს აქვს მოწონებული საქართველოსთან მიმართებით:

პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ 102,7 მილიონის დოლარის ღირებულებისაა და მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში პროექტის ინფრასტრუქტურული კომპონენტი ხუთი ახალი სკოლის მშენებლობას, დაახლოებით 60 არსებული სკოლის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. პროექტი ასევე გულისხმობს სკოლისთვის მოსამზადებლად, ბავშვზე ფოკუსირებული და თანამედროვე სკოლამდელი განათლების 150-ზე მეტი პროგრამის დანერგვას. მთლიანობაში, პროექტი სკოლამდელი ასაკისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაახლოებით 116 ათას მოსწავლეს შეეხება.

სიტყვები შთამბეჭდავია, საქმე – ნაკლებად.