რუსებმა იციან, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს გულია და  სააკაშვილმა აიძულა რუსეთი, ეღიარებინა დამოუკიდებელ რესპუბლიკებად -გულბაათ რცხილაძე

“ჩვენი ელჩი აშშ–ში, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთის არ ეშინია, მართალია, რადგან შორსაა აქედან _ ოჯახთან ერთად ვაშინგტონში ცხოვრობს”

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი:

_ ჩვენი ელჩი აშშ-ში, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთის არ ეშინია, მართალია, რადგან შორსაა აქედან _ ოჯახთან ერთად ვაშინგტონში ცხოვრობს. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს, მას უნდა ეშინოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ვიზა აქვს და გაქცევასაც ადვილად მოახერხებს, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდნენ ჩვენი “პატრიოტები”, რომლებსაც საქართველოს სიმდიდრეები გაჰქონდათ თურქეთიდან და რომლებიც სტალინმა და ბერიამ წესიერი კაცის, ექვთიმე თაყაიშვილის, ხელით დააბრუნეს…

მინდა, მკითხველისთვის ვისაუბრო ბელარუსზე. ალექსანდრე ლუკაშენკომ, ბელარუსის პრეზიდენტმა, თვითმფრინავი “ვითომ” გაიტაცა, ევროპამ სანქციები გაამკაცრა, რის გამოც შეაჩერეს საჰაერო მიმოსვლა ბელარუსის მიმართულებით. გარდა ამისა, გამოაცხადეს, რომ ეს ქვეყანა ვეღარ მიიღებს 3-მილიარდიან ინვესტიციებს, რომელიც თითქოს უკვე გამზადებული იყო, და “ბატკას” თვითმფრინავი რომ არ გაეტაცებინა, რასაც ვერ უმტკიცებენ, აღნიშნული თანხა ბელარუსში იქნებოდა. ეს ძალიან პრიმიტიული, სასაცილო და ბავშვური პროპაგანდაა ევროკავშირის გადაბერებული და მარაზმში ჩავარდნილი ბიუროკრატიის მხრიდან. ამ ინციდენტზე ევროკავშირთან ერთად “ხმაურობს და ჟივჟივებს” ნატოც…

ამასობაში ლუკაშენკო ჩავიდა სოჭში, შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, რომლისგანაც 500 მილიონი უკვე აღებული აქვს და ახლა მეორე 500 მილიონ დოლარს მიიღებს ივნისის ბოლოს. ეს მართლაც რეალური თანხაა. რუსეთსა და ბელარუსს შორის ყველა შეთანხმება ძალაშია. ასე რომ, რუსეთი იძლევა რეალურ ფულს, ასევე იძლევა რეალურ დახმარებას უსაფრთხოების თვალსაზრისით. სოჭში შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი დაეხმარება “ბელავიასაც”, რომელსაც ექნება დამატებითი ფრენები რუსეთის მიმართულებით, რადგან ბელარუსიდან, ძირითადად, რუსეთში მიდიან. გამოდის, პუტინი რუსეთის ავიაკომპანიების ხარჯზე ეხმარება “ბელავიას”.

ახლა მკითხველმა განსაჯოს, არარსებული სამი მილიარდი სჯობდა ბელარუსისთვის თუ არსებული, ხილული მილიარდი, თანაც შეღავათიან პირობებში, თითქმის ნაჩუქარი ფული?!

ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ ნორმალურმა ადამიანმა გააკეთოს დასკვნა _ რა ჯობია: რუსეთთან თანამშრომლობა, მისი გულუხვობა თუ აფერისტ ამერიკა–ევროპასთან ვითომ მეგობრობა?

ნატოში საქართველოს გაწევრება მითია და ეს ჩვენ, დიდი ხანია, ვიცით. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს უკვე აღარ სჯერა ჩვენი ხელისუფლებების მოლოდინის და საუბრების ნატოს წევრობაზე.

რაც შეეხება აფხაზეთს. რა ჯანდაბად უნდა ამ ტერიტორიების შეერთება?! რუსეთი არ თვლის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მისია, რუსებმა იციან, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს გულია. სააკაშვილმა აიძულა რუსეთი, ეღიარებინა ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად. ამას ხელი შეუწყო ნატოს პოლიტიკამაც. რომ არ ყოფილიყო ნატოზე ორიენტირებული პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში, რუსეთი ამას არ გააკეთებდა.

გაინტერესებთ, რა სჯობია საქართველოსთვის _ ნატო და ვეროკავშირი თუ რუსეთთან ურთიერთობა? _ მე ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხი გაგეცით ბელარუსის მაგალითით, თუ როგორ “დაიკიდა” ბელარუსმა ამერიკულ-ევროპული სანქციები და როგორ დაეხმარა მას რუსეთი.