ნაცვლად ლოცვის გაძლიერებისა… ანუ, როგორ არ უნდა დავემსგავსოთ დასავლეთს!

ირლანდიის კათოლიკურმა ეკლესიამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მღვდელმსახურების დროს სასულიერო პირებსა და მრევლს შორის ფიზიკური კონტაქტის შემზღუდველი ზომები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Irish Times-ი ავრცელებს.

5 მარტს ირლანდიის ეროვნულმა სანიტარულმა სამსახურმა (HSE)​ კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, რამაც ინფიცირებულთა რიცხვი 13-მდე გაზარდა. იმავე დღეს HSE-მ დაუგზავნა ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლობებს რეკომენდაციები ფიზიკური კონტაქტის მაქსიმალურად შეზღუდვის შესახებ. კერძოდ, კათოლიკურმა ეკლესიამ მორწმუნეებს დროებით ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმა და მისი დისტანციური მისალმებით ჩანაცვლება შესთავაზა.

მორწმუნეებს ასევე მოუწოდეს, თავი შეიკავონ ნაკურთხი წყლის გამოყენებისა და ზიარებისგან.

ახლა ზოგიერთი ჩვენი მკითხველი იტყვის, ეს არამართლმადიდებლებს ეხებათ და ჩვენ რა შუაში ვართო. არა, ბატონებო, ჩვენზეც გავრცელდება ასეთი “რეგულაციები”, თუკი ზომაზე მეტად “ვინტეგრირდებით” უღმერთო ევროპაში – მით უმეტეს, კბილი უკვე მოგვისინჯეს და ზიარებაზე “ერთჯერადი კოვზების” პროპაგანდა დაიწყეს მასმედიის საშუალებით. ირლანდიაც ერთჯერადი მაგალითი არ გახლავთ, იტალიის რიგ რეგიონებში ღვთისმსახურება საერთოდ აკრძალეს.

აკრძალეს, ნაცვლად იმისა, ლოცვები გაეძლიერებინათ, სამედიცინო ზომების გაძლიერებასთან ერთად. “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების” – რუსთაველს აქვს ნათქვამი, გენიალურად, ისე, რომ კომენტარს არ საჭიროებს!

რა თქმა უნდა, ღმერთმა თავად შექმნა ბუნება და ბუნების კანონები, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის ელემენტარული ჰიგიენური წესები, რომლებიც ყველა მორწმუნემ უნდა დაიცვას, მაგრამ როდესაც ჯანმრთელობის დაცვა არაფერ შუაშია და მორწმუნეებს ხელოვნურ შეზღუდვებს უწესებენ, გამოფხიზლებაა საჭირო.