საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
მათივე ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 42.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა. იმავე საღამოს კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 მარტს კი კორონავირუსი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს დაუდგინეს.
4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3491 ადამიანი ემსხვერპლა, 57389 კი გამოჯანრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.