“ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძის აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია თბილისის მერობის უპარტიო, მეურნე კანდიდატის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.
ხაზარაძის აზრით, ეს შეიძლება იყოს უცხოეთში წარმატებული ადამიანი — ძალიან დიდი კორპორაციის ხელმძღვანელი, ექიმი, მეწარმე ან სხვა, ვისაც საერთაშორისო რეპუტაციით შეუძლია ფულის მოზიდვა და დედაქალაქის მილიარდ ორას მილიონიანი ბიუჯეტის 4 წელიწადში სამ მილიარამდე გაზრდა.
“ჩვენ უნდა ჩავატაროთ გენერალური რეპეტიცია ადგილობრივ არჩევნებზე და ამომრჩეველს ვაჩვენოთ, როგორც შეიძლება თბილისის მაგალითზე (და მერე სხვა ქალაქებზეც შეიძლება ეს განვითარდეს), კოალიციური მმართველობა გვქონდეს. ამისთვის საჭიროა, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვან მერობაზე საკუთარი კანდიდატურების წამოყენებაზე. არ უნდა იყოს ის მოცემულობა, რომ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მეორე ოპოზიციური პარტიის ლიდერს დაუჭიროს მხარი. ეს არ იმუშავებს და ჩვენ დავკარგავთ იმ ამომრჩეველს, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი”, — განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძის აზრით, ოპოზიციამ უნდა შეიმუშაოს თბილისის განვითარების ერთობლივი პროგრამა.
“ამ არჩევნებში ოპოზიციამ ჯამურად 60% მოაგროვა თბილისში. აქედან დაახლოებით 20% ჰქონდა ენმ-ს, დანარჩენს კი— 40%. ეს ნიშნავს, ოპოზიციურად განწყობილი სპექტრი არის სხვადასხვა გემოვნების. ყველას უნდა ცვლილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე გამოკვეთილად მოსწონს. გამოსავალი არის შემდეგი — თბილისს სჭირდება ძალიან სერიოზული განვითარების გეგმა, საერთაშორისო მნიშვნელობის ქალაქად უნდა გადავაქციოთ და ამ თბილისის თავი უნდა იყოს არცერთი პარტიის წარმომადგენელი, არამედ მეურნე ადამიანი, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია დაუდგება გვერდში და ოპოზიციურმა სპექტრმა შეიმუშაოს პროგრამა”, — განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ამ იდეაზე კონსულტაციები ჰქონდა ნიკა მელიასთან და გიორგი ვაშაძესთან.
“როცა წარვადგენთ ამ მერს, ე.წ. დიმიტრი გელოვანს, ჩვენ გარშემო ყველა პარტიიდან, კომპეტენციის მიხედვით წარვუდგენთ მოადგილეებს”, — დასძინა ხაზარაძემ.
“ნეტგაზეთო”