გიორგი ვაშაძე ხშირად იტყუება, ეს მისი სტილია – ირაკლი კობახიძე

არლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის რაც მოხდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას და ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები, მათ შორის გიორგი ვაშაძე საზოგადოებას ატყუებენ.

„ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები და საბედნიეროდ, ყველა არ არის ასეთი, ტყუილს ამბობენ საზოგადოების წინაშე, ანუ ამბობენ ისეთ რამეს, რაც საერთოდ არ გაჟღერებულა. მაგალითად, თქვენ მოისმინეთ გიორგი ვაშაძის კომენტარი, რომელიც ამბობდა კონკრეტულ რამეს, ეს ადამიანი მანამდეც შეიმჩნეოდა ტყუილებში, ახლაც თქვა ტყუილი, ზოგადად ის ხშირად იტყუება, ეს არის მისი სტილი და ამ შემთხვევაშიც, მან მოიტყუა, როდესაც თქვა, კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე ან გამოძიების შეწყვეტაზე და ა.შ იყო საუბარი. ეს იყო არც ინტერპრეტაცია, არც არაფერი, ეს იყო უბრალოდ ტყუილი. მას ახასიათებს სამწუხაროდ ტყუილები, ვერ შეიცვლება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის სიმართლე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არის ზოგადი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ არავის მხრიდან არ იქნება გამოყენებული ეს საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამასთანავე, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.

„ჩვენ გვაქვს ზოგადი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ არავის მხრიდან არ იქნება გამოყენებული ეს საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის. როგორც გრძელდებოდა პროცესები საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად ასევე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესები. საქართველოში არიან დამოუკიდებელი ორგანოები, რომლებიც არიან პასუხისმგებელი გამოძიებაზე, შემდეგ სასჯელის შეფარდებაზე და შესაბამისად უნდა გაგრძელდეს ეს პროცესები. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი არის ამოსავალი წერტილი. ამ პრინციპის ფარგლებში თუ რაიმე ზომების მიღება შეგვიძლია პოლიტიკური სტატუსის მქონე პირებს, ამ ზომების მიღებაზეც შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა ერთ მთავარ პრინციპზე უნდა შევთანხმდეთ, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. პოლიტპატიმარს ვერ უწოდებ, ვერც ერთ შემთხვევაში ისეთ ადამიანს, რომელსაც აქვს მოპარული ათეულობით მილიონი ლარი ბიუჯეტიდან და ვერ ვუწოდებთ პოლიტპატიმრებს ისეთ პირებს, რომლებიც იჭრებოდნენ საქართველოს პარლამენტის შენობაში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთ პრინციპზე შეთანხმება, რომ როდესაც ადამიანი არის მხილებული, თუნდაც მცირედ დანაშაულში, ის უნდა გავიდეს პოლიტიკიდან. ეს არის უმარტივესი პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ევროპულ ქვეყანაში. საქართველოში ეს პრინციპი, სამწუხაროდ, არ მოქმედებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლომდე პოლიტიკური კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს.

როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ უგულავას გასათავისუფლებლად „პრეზიდენტის ინსტიტუციის მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს“.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებაში საუბარია ასევე, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის საკითხზეც, რომელთა გასათავისუფლებლად სხვა მექანიზმი უნდა ამოქმედდეს, მათ შორის შესაძლოა, ეს იყოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.