ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გ. არველაძე თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, კორონავირუსის საფრთხის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

“გაცნობებთ, რომ ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ვინაიდან მქონდა შეხება მეგობართან საქართველოში, რომელიც, სამწუხაროდ, კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვირუსთან დაკავშირებული არცერთი სიმპტომი არ მაქვს, დაუყოვნებლივ მივმართე ექიმს და გავიარე კონსულტაცია საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, სამსახურში არ გამოვცხადებულვარ, მით უფრო, რომ უქმე დღე იყო და არც არავის შევხვედრილვარ ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ჩემსავით თვითიზოლაციაში არიან. ჩემი სამოქალაქო თვითშეგნებიდან გამომდინარე, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში დავრჩები თვითიზოლაციაში, რათა თავად მეც არ გავხდე ვირუსის გადამტანი და გამავრცელებელი.

მას შემდეგ, რაც ანალიზის პასუხი ცნობილი გახდება, მას აუცილებლად გამოვაქვეყნებ. ჩემი მაგალითით მოგიწოდებთ ყველას, ვინც იმოგზაურეთ მომეტებული რისკის მქონე ქვეყნებში ან ჩემსავით კონტაქტი გქონდათ კორონავირუსის მატარებელ პირებთან, გადადით თვითიზოლაციის რეჟიმში, რათა ნებსით თუ უნებლიედ, ხელი არ შეუწყოთ ვირუსის შემდგომ გავრცელებას,”- წერს გენადი არველაძე.