ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისში 200 000-ზე მეტი ძირი მწვანე ნარგავი დაირგო – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის ანგარიშზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, 2018-21 წლებში გამწვანების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის, ფიტოსანიტარიული კვლევა და წამლობა.
„ხედავთ იმ შედეგებს, რაც სამი წლის განმავლობაში იქნა მიღწეული: დაირგო 215 000 ძირი მწვანე ნარგავი (ხე – 73 000, ბუჩქი და ბალახოვანი მცენარე – 142 000); ფიტოსანიტარიული კვლევა და წამლობა ჩაუტარდა 500 000 მწვანე ნარგავს; 500 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაირგო და დაითესა ბალახი; ნიადაგის მულჩირება 40 000 კვ.მ-ზე განხორციელდა; სანიტარიული ჭრა ჩაუტარდა 70 000 დაავადებულ ფიჭვის ხეს; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 შადრევანს; 20 ჰექტარზე ტყის მოწყობა მოხდა – დაირგო 28 000 მწვანე ნარგავი; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 000 სკვერს, 15 პარკსა და 60 გზაგამყოფ კუნძულს; გამწვანების პროექტით დაირგო 17 000 ძირი ხე. ეს უკანასკნელი არის ის დამატებითი ვალდებულება, რომელიც კერძო სექტორმა აიღო მშენებლობასთან მიმართებაში.
გამოვყოფდი ბალახის მულჩირებას, რადგან ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური ღონისძიება. ზედაპირის დაფარვა ბალახით ან მულჩით ხელს უწყობს მტვრის შემცირებას ჰაერში. ასევე, დაიწყო ფიტოსანიტარიული ჭრები და წამლობა, რაც ასევე იმის გარანტიაა, რომ ჩვენ სამომავლოდ არ მივიღებთ პრობლემურ არეალებს და ხე-ნარგავები იქნება მოვლილი“ – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ დედაქალაქში საპარკე კულტურა დაბრუნდა და ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.
წყარო: itv.ge