დავით მათიკაშვილი – გახარიას არ გამოუვა საზოგადოების მოტყუება

დავით მათიკაშვილი – გახარიას არ გამოუვა საზოგადოების მოტყუება, თითქოს 20 ივნისის ღამეს ის გახლდათ ლიდერი და გუნდის დანარჩენ წევრებს სახლში ტკბილად გვეძინა.

გიორგი გახარიას განცხადებას, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობა ცარიელი იყო, უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, გიორგი გახარიას საზოგადოების მოტყუება არ გამოუვა, რადგან 20 ივნისს დეპუტატები პარლამენტში იყვნენ.

– “ეს არის კიდევ ერთი უღირსი განცხადება, მე ვარ თვითმხილველი ასე ვთქვათ ამ მოვლენების. მე გახლდით პარლამენტში ბოლომდე, მინდა, გითხრათ და იქ ბრძანდებოდა გახარიაც და გვამჩნევდა ჩვენ, მეც, ოხანაშვილს, მამუკა მდინარაძეს და პარლამენტის კიდევ ძალიან ბევრ წევრს. ყველა მხრიდან ჩვენი პარლამენტის წევრების უმეტესობა გვირეკავდა და გვთხოვდა შექმნილიყო იმის საშუალება, რომ ისინი პირიქით შემოსულიყვნენ პარლამენტში და ერთად ვმდგარიყავით. იქ არათუ ვინმე სადმე გარბოდა, იქ იყო მაშინ პრემიერი ბახტაძეც კარგად მახსოვს. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, როცა ბურუსით მოიცვას მოვლენა, რომელსაც ჰყავს თვითმხილველები, პარლამენტის მოქმედი და ყოფილი წევრები, ხალხი, რომელიც დღეს პარლამენტში არ არის. ჩვენი მეგობრები და კოლეგები ამ ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებდნენ. არ გამოუვა მას საზოგადოების მოტყუება, რომ თითქოს იმ ღამეს ის გახლდათ ამ საკითხის მოტორი და ლიდერი და ყველა დანარჩენს, გუნდის წევრებს სახლში ტკბილად გვეძინა. ეს არის ტყუილი, ერთად ვისხედით, ერთად ვიდექით, ერთად ვნერვიულობდით, ერთად ვფიქრობდით, როგორ მოგვეგვარებინა ეს პრობლემა, ეს არის მთავარი. შინაგან საქმეთა მინისტრი თავად გასცემდა შესაბამის განკარგულებას, მაგრამ ის, რომ გუნდი ადგილზე იყო და გახარიამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა, საკუთარი თვალებით, აგერ ვარ ამ ყველაფრის თვითმხილველი და შემიძლია, დაგიდასტუროთ” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, გადაცემა „რეაქციაში” გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტი ცარიელი იყო.

– “ვიღაც, გამოდის და მდებს ბრალს იმაში, რომ თურმე მე ნაციონალებთან რაღაც კავშირი მაქვს, მე, ადამიანს, რომელმაც 20 ივნისის ბრძოლა გადავიტანე და არცერთი ეს ვაჟბატონი არ იყვნენ პარლამენტში, სად იყვნენ დამალულები, ვერც ვიპოვეთ. ცარიელი იყო პარლამენტი, ვეძებდით, სად გვეპოვა ვიღაცები, რომ შევსულიყავით პარლამენტში. ვიღაცები ზარსაც არ პასუხობდნენ” – ამბობს გახარია.

წყარო: newposts.ge