რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აღმოსავლეთ მიმართულებით ნატო-ს გაფართოებას და მათი ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას მისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
როგორც მან Россия 24-თან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში მოსკოვისთვის უსაფრთხოების რისკები იზრდება.
„აღმოსავლეთში ნატო-ს გაფართოება და მათი ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება პრაქტიკული მნიშვნელობის არის რუსეთისთვის. რატომ? – პოლონეთი გახდა ნატო-ს წევრი და ამერიკელებმა ადვილად მოილაპარაკეს მათთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განთავსებაზე. თუმცა ამ სისტემის გამშვები მოწყობილობები შესაძლოა, გამოყენებული იყოს თავდასხმითი კომპლექსებისთვის, რომლებიც აღწევენ რუსეთის ცენტრამდე, მათ შორის მოსკოვამდე, და თანაც ძალიან მოკლე დროში – 15 წუთია მოსკოვამდე ფრენის დრო. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა გახდა ნატოს წევრი. ხარკოვიდან ან დნეპროპეტროვსკიდან ფრენის დრო რუსეთის ცენტრალურ ნაწილამდე, მოსკოვამდე 7-10 წუთამდე მცირდება. ეს ჩვენთვის არის თუ არა წითელი ხაზი? სახიფათო და მიუღებელი იქნება თუ არა შეერთებული შტატებისთვის ჩვენი რაკეტების კუბაზე განთავსება, საიდანაც, ფრენის დრო ვაშინგტონამდე 15 წუთია. ხოლო ეს დრო რომ შემცირდეს 7-10 წუთამდე, ჩვენი რაკეტები უნდა განთავსდეს კანადის სამხრეთ საზღვართან, ან მექსიკის ჩრდილოეთ საზღვართან. ეს აშშ-ისთვის არის თუ არა წითელი ხაზი?- ვინმემ ხომ უნდა იფიქროს. იფიქროს იმაზე, თუ როგორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ იმაზე, რაც განიხილება და რა შეთავაზებებსაც აქვს ადგილი“, – აღნიშნა პუტინმა.