სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან

მიხეილ კალანდიას, რომელიც 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჯგუფური მკვლელობისთვის არის მსჯავრდებული, კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან. კალანდიას გამოძება იმ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, რისთვისაც გაასამართლეს.

როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, ეს არის უპრეცედენტო ფაქტი, რადგან არ შეიძლება პირს იმ დანაშაულის დაფარვაზე წაუყენო ბრალი, რომლის ჩადენის გამოც არის მსჯავრდებული:

„2021 წლის 15 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სქმეთა კოლეგიის მოსამართლე ე. გაბრიჩიძე იწყებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულისათვის გათვალისწინებული სსკ 370-ე მუხლით, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. ამ შინაარსის საქმის არსებობა ქვეყნის სასამართლოში პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება არის იმის, თუ როგორ განახორციელა საქართველოს სახელმწიფომ, კერძოდ, იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური დაკვეთა, როდესაც მიხეილ კალანდიას მიმართ დააყენა გამამტყუნებელი განაჩენი, სანაცვლოდ კი მიიღო დროებითი პოლიტიკური მშვიდობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების შეწყვეტის სახით. სამართლებრივად კი უდავოა, რომ ადგილი აქვს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელებას, რამეთუ სახეზეა უპრეცედენტო ფაქტობრივ გარემოება, მოცემულობა – მიხეილ კალანდიას ერთდროულად ედავებიან უმძიმესი დანაშაულის – მკვლელობის ჩადენას და პარალელურად ცდილობენ დააყენონ განაჩენი ამ მკვლელობის შესახებ დანაშაულის მატარებელი ინფორმაციის დაფარვაში, ანუ ედავებიან – შენ რომ მკვლელობა ჩაიდინე, ის რატომ დაფარე და თავის დროზე არ განაცხადეო. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის განუცხადებლობისათვის პასუხისმგებლობას“, – განაცხადა თოდუამ.

 

“რეზონანსი”