აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ერევნის ქუჩებში ზეიმი მოჰყვა, დემონსტრაცია გამართეს აშშ-ში სომხური დისპორის წარნმომადგენლებმაც – რატომ წავიდა ბაიდენი ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე და როგორ აისახება ეს თურქეთთან ურთიერთობაზე.
განცხადების შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს, თურქული მედიის ცნობით, აშშ-ის ელჩი დევიდ სატერფილდი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სედათ ონალმა მიიღო, რომელმაც განუცხადა, რომ თურქეთისთვის აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება სრულიად მიუღებელია და გმობს.
ამერიკელ დიპლომატს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე განუცხადა, რომ ბაიდენის განცხადებას საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ძალა არ გააჩნია, ძლიერ ტკივილს აყენებს თურქ ხალხს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს აშშ-თურქეთის ურთიერთობებს.
რაც შეეხება სომხეთის რეაქციას, ქვეყნის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა ჯო ბაიდენს სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის მადლობა „ტვიტერის” საშუალებით გადაუხადა, სარქისიანმა აღნიშნმა, რომ ეს განცხადება ხსნის ახალ პერსპექტივებს აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობისთვის.
ჯო ბაიდენის განცხადება არის ძლიერი ნაბიჯი ჭეშმარიტი ისტორიული სამართლიანობის გზაზე და სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემკვიდრეებისადმი ფასდაუდებელი მხარდაჭერა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბაიდენს წერს. წერილს ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” აქვეყნებს.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ეს განცხადება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო ართულებს, ამასთანავე გეოპოლიტიკური დატვირთვაც აქვს.
„ეს გადაწყვეტილება აშშ-ში პრინციპში დიდი ხანი მუსირებდა, მათ შორის კონგრესის დონეზე – იცით რომ შეერთებულ შტატებში სომხური სერიოზული დიასპორაა, რომელიც კონგრესმენებზე სერიოზულ გავლენას ახდენდა და მათ შორის საარჩევნო კამპანიებზე, როგორც შტატის დონეზე, ისე კონგრესის და სენატის.
„უკვე ბაიდენის ადმინისტრაციას ამ საკითხის გადაწყვეტა მოუწია, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობაზე მაინცდამაინც კარგი არ ისმის, ეს დემოკრატიული პარტიისთვის და თვითონ ბაიდენისთვისაც შიდა საარჩევნო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა სომხური ლობის საკმაოდ დიდი ხმები, რომლებიც საკმაოდ აქტიურები არიან. აქედან გამომდინარე ,ამას შიდაპოლიტიკური დატვირთვაც აქვს.
„ასევე, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკურიც, რომელიც თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობებს კიდევ უფრო ართულებს და ეს კიდევ ორივე ქვეყნისთვის დამატებითი თავის ტკივილია.
„რაც შეეხება სომხეთ-ამერიკის ურთიერთობებს – ეს გადაწყვეტილება რაღაცნაირად წინ წასწევს, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ და მორალურ დონეზე, მაგრამ, ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა არ იცვლება, ანუ, ის მაინც იძულებულია იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს რეგიონშია, რომ ის რუსეთის მოკავშირეა და ასეც დარჩება. ეს არ აისახება იმაში, რომ სომხეთმა საგარეო ვექტორი შეცვალოს,”- განაცხადა კაკაჩიამ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ თურქეთის რეაგირება ხისტი იქნება.
„თურქეთის რეაგირება მკაფიო და სერიოზული ქნება, არაა გამორიცხული, რომ თურქეთმა ელჩი კონსულტაციებისთის გამოიწვიოს, ამერიკელების წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს და ანტიამერიკული ქმედებები განახორციელოს.
„მაგალითად, ინჯირლიკის ბაზაზე შეზღუდვები დააწესოს, ბოსფორის და დარდანელის სრუტეში ამერიკული სამხედრო გემები არ შეუშვას, მაგალითად სირიაში ქურთებისა და ამერიკელების წინააღმდეგ მანევრები განახორციელოს, თურქეთმა ქურთების დემოკრატიული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მქმედებები უკვე დაიწყო. იქ გიულენის მომხრეები დააპატიმრეს.
„შესაძლოა ერდოღანმა ამერიკა ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულოს გიულენის სახით და ასევე დააფიქსიროს, რომ ამერიკა სამხედრო გადატრიალების უკან იდგა.
„სომხეთი მაინც რუსეთზეა ორიენტირებული და მისი მოკავშირეა, თუმცა, ამერიკისადმი მადლიერების გრძნობა აქვს, ბაიდენმა ეს ფაქტი გამიყენა და სომხეთის დიასპორის მხარდაჭერა მოიპოვა და მეორე – თურქეთის მიმართ საკმაოდ სერიოზული მესიჯი გაგზავნა, საუბარია, რომ თურქეთმა ბირთვული ქვეყნის სტატუსი მოიპოვოს, ამით ამერიკელები სიგნალს აგზავნიან, რომ ისინი არ დაუშვებენ, რომ თურქეთი მეორე ირანად გადაიქცეს.
„თურქეთს ამისთვის საკმაოდ სერიოზული ძვრები აქვს, ერდოღანმა ამის შესახებ რამდენიმე განცხადება გააკეთა, მან გააფორმა კონტრაქტები რუსეთის „როსატომთან”, ასევე თუქრეთმა მთიანი ყარაბაღის ომის დროს, სამხედრო პოლიტიკური ალიანსი პაკისტანთან გააფორმა და პაკისტანმაც შეიძლება, რომ თურქეთს ბირთვული ტექნოლოგიები მიაწოდოს,” – განაცხადა მაისაიამ.
თამთა ჩაჩანიძე