გახარია: “სიმართლე უნდა ითქვას: ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ”

ეს სიტყვები საქართველოს პრემიერმინისტრმა ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე თქვა. გახარიამ აღნიშნა:

“ჩვენ სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ვართ და სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს – ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მიზანი არ უნდა დავისახოთ და მე გპირდებით, რომ ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმ ბიჭების ხსოვნის წინაშე პატივისცემით, რომლებიც დღეს ჩვენთან აქ არ არიან. დღეს მე აქ ვხედავ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის საამაყო, ღირსეულ სახეებს და ერთადერთი, რასაც უნდა დავპირდეთ ერთმანეთს – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ომი აღარასოდეს იყოს, რომ ჩვენ შრომით შევძლოთ ქვეყნის წინსვლა, გაერთიანება და გამთლიანება. ეს უნდა იყოს ჩვენი ძირითადი მიზანი, ეს უნდა იყოს თითოეული ქართველის მიზანი, პირველ რიგში, იმ ხსოვნის წინაშე, რომელიც იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც ჩვენთან ერთად აქ არ არიან. მინდა მათ მეუღლეებს, მშობლებს, შვილებს მივულოცო ეს დღე და დაგპირდეთ, რომ მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ის, რისთვისაც ამ ხალხმა თავი დადო, დღეს იქნება, ხვალ იქნება, მაგრამ ეს დღე მაინც დადგება და ჩვენ ყველამ ეს დღე უნდა ვიზეიმოთ.”

17 ოქტომბერი ვეტერანთა დღეა, იგი საქართველოში მეხუთე წელია, რაც აღინიშნება. ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან ერთად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.