დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკარანტინო სივრცეები მეზობლებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.
გამყრელიძე მოუწოდებს საზოგადოებას, ისედაც ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფ საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ პაციენტებს ნუ შეუქმნიან დამატებით პრობლემას.
„მეზობლებისთვის, იქ სადაც საკარანტინო სივრცეები არის, არაფერ საშიშროებას ეს არ წარმოადგენს ამიტომ აქედან ნუ შევქმნით პრობლემას და იმ ადამიანებს, მოგეხსენებათ გარკვეული ფსიოქოლოგიური სტრესი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა ჯანმრთელები არიან. 2 კვირა როცა ოჯახს მოწყვეტილი არიან, როცა იზოლირებული არიან გარკვეული ფსიქოლოგიური სტრესი არსებობს და ზედმეტად კიდევ ნუ დავუმატებთ. ის ადამიანები ასევე ასრულებენ თავიანთ სამოქალაქო ვალდებულებას, რომ ისინი არიან იზოლირებული, რომ თუ ვინმე ინფიცირებულია არ გადასდონ სხვას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.