„სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთათვის სარეგისტრაციო პორტალი კვლავ განახლდა

დღეიდან „სინოვაკის“ ვაქცინით აცრის მსურველთათვის სარეგისტრაციო პორტალი კვლავ განახლდა. მოქალაქეებს შეეძლებათ პირველ და მეორე დოზაზე დარეგისტრირება.

ივანე ჩხაიძე მოსახლეობას, განსაკუთრებით კი რეგიონების მცხოვრებლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, სანამ ივლისიდან აცრის ინტენსიური პროცესი დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ „სინოვაკის“ მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. პირველ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოვაკის ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 18 წლის ასაკიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

“იმედინიუსი”