რა გზავნილები მიიღო საქართველომ ნატოს 2021 წლის სამიტიდან და ადეკვატურია თუ არა შეფასებები, რომლებიც ამ გზავნილების კვალდაკვალ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კეთდება? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება გენერალ–ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.
_ ბატონო გურამ, ნატოს ბიუსელის სამიტისგან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ბევრს ელოდნენ. ბევრი ვარაუდობდა, რომ ამ შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა ექნებოდა ჩვენთვის. ალბათ, იმის მოლოდინიც იყო, რომ გარკვეული კონკრეტიკაც იქნებოდა ალიანსში საქართველოს მიღების პერსპექტივაზე, მაგრამ სტოლტენბერგმა ჯერ კიდევ სამიტის დაწყებამდე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ “ამ სამიტზე თარიღები არ დასახელდებოდა”. რა გზავნილები მიიღო საქართველომ ბრიუსელიდან და რა დატვირთვა ჰქონდა ჩვენთვის ამ ყველაფერს?
_ საქართველოსთვის, როგორც ევროატლანტიკურ კურსზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის, რომელიც, ჩემი აზრით, ბევრს რისკავს ამ კურსისთვის, მათ შორის, რიგ საკითხებში საკუთარი ინტერესების საზიანოდაც, ეს იყო სამიტი სამიტისთვის. ეს იყო, ალბათ, სულ ცოტა, მეასედ მოსმენა იმისა, რაც, წლებია, გვესმის, რომ ნატოს კარი ღიაა, აუცილებლად მიგვიღებენ, აფასებენ ჩვენს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხეობის მისიებში და ა.შ. რაც შეეხება რეალობას, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, ნათლად იკვეთება, ჩვენ გვითხრეს საკმაოდ გასაგებად, ყოველგვარი დიპლომატიური მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, რომ კონკრეტული თარიღების დასახელებას არ უნდა ველოდოთ. ვიღაც იტყვის, რომ ეს არ არის უარი და ეს, უბრალოდ, პროცესის ნაწილია, მაგრამ ჩემთვის უარია. მეტსაც გეტყვით, ამ სამიტის შემდეგ და საერთოდ, ბოლო პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ არათუ რამე შეიცვლება ნატოსთან დაახლოების მიმართულებით, არამედ აშკარად არის სვლა უკან…
_ რა თვალსაზრისით?
_ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ყველა სამიტს ესწრებოდნენ. წელს არ მიგვიწვიეს. მეტიც, მთავრობის წარმომადგენლებმა, მაგალითად, ბატონმა ზალკალიანმა, არაერთხელ განაცხადა, რომ მისი უწყების სერიოზული ძალისხმევის, სერიოზული დიპლომატიური მუშაობის შედეგია სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შეტანა. მე მჯერა ამის. ხელისუფლებას დღეს, პრაქტიკულად, ბრძოლა უწევს იმისთვის, რომ საქართველო ახსენონ(!) ნატოს სამიტზე. სხვათა შორის, აქ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი: მოგეხსენებათ, ამას წინათ ევროკავშირის ხელმძღვანელობა იყო კიევში ოფიციალური ვიზიტით და აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყნის _ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის _ საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მათ ერთობლივი მოქმედების გეგმა დაუსახა და გაფორმდა მემორანდუმი, რომელშიც ეკონომიკურ საკითხებთან ერთად ერთ-ერთი საკითხია თანამშრომლობა და უფრო ღრმა მოქმედება უსაფრთხოების მიმართულებით. განსაკუთრებით საუბარია შავი ზღვის რეგიონზე… ახლა რატომ მომყავს ეს მაგალითი: ყველაფერი, რაც ნატოსთვის იყო უმნიშვნელოვანესი და მათი ხელმძღვანელობით იმართებოდა, გადააბარეს ევროკავშირს, ევროკავშირმა კი, თავის მხრივ, მოიგონა რაღაც მემორანდუმი, რომელიც ნატოს იმედად მყოფ სამ, დღეს უკვე პირშიჩალაგამოვლებულ, სახელმწიფოს მიუგდო… აი, ეს არის მათი ამჟამინდელი კონიუქტურული მიდგომა სატელიტი ქვეყნებისადმი. რაც შეეხება კონკრეტულად შეერთებულ შტატებს, ის უკვე ვეღარ აკონტროლებს მსოფლიოს, როგორც, ვთქვათ, 15-20 წლის წინათ…
_ სამხედრო პოტენციალიც არ ჰყოფნის ამისთვის?
_ სამხედრო პოტენციალს რაც შეეხება, 11 ავიამზიდიდან, რომლებიც აშშ-ს მწყობრში ჰყავს, ექვსი ტაივანსა და ავსტრალიას შორისაა განლაგებული. ეს ნიშნავს, რომ ის აღმოსავლეთზეა ორიენტირებული. მოგეხსენებათ, ჩინეთი აღრენილია ტაივანის შეერთებაზე, ამერიკასა და ტაივანს შორის კი სტრატეგიული თანამშრომლობაა გაფორმებული. წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, 2,4-მილიონიანი ჯარისა და უზარმაზარი სამხედრო ინდუსტრიის მფლობელმა ჩინეთმა რომ აშშ–ს დაარტყას? იქნება სრული ქაოსი და ეს შექმნის უზარმაზარ პრობლემას ვაშინგტონისთვის. აი, ეს არის დღეს მთავარი საკითხები “თეთრი სახლისთვის” და ამიტომაც ასრულებს ავღანეთში ყოფნას. თუმცა ცხადია, ჩინეთი არ არის მისი ერთადერთი პრობლემა, სეროზული პრობლემაა რუსეთიც, რომელიც დღითიდღე ძლიერდება და სულ უფრო მყარ წინაპირობებს ქმნის თავისი სტრატეგიული ინტერესების დასაცავად… სხვათა შორის, თავის დროზე ჰენრი კისინჯერმა თქვა, რომ რუსეთთან წითელი ხაზების მიახლოება რუსეთის აღორძინებას გამოიწვევდა. ისე აგვიხდეს ყველაფერი კარგი, როგორც ეს აუხდათ ამერიკელებს. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში დაწესებულმა სანქციებმა, ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებულმა პოლიტიკურმა თუ იდეოლოგიურმა ჭიდილმა და დაძაბულობამ რუსეთის გავლენის ისტორიულ სივრცეში, მოიტანა ის, რომ კრემლი საერთაშორისო პოლიტიკურ არენას დაუბრუნდა; დაბრუნდა არა როგორც თავდაცვით პოზიციაში მყოფი სახელმწიფო, არამედ, როგორც პოლუსი…
_ ჩვენთვის რა რეალობა იქმნება ამ ყველაფრით?
_ ვაშინგტონი ცდილობს, რუსეთთან დაძაბულობა ჩამოიყვანოს სამშვიდობო მდგომარეობამდე. ამერიკელებს არ სურთ, ამაზე მეტად დაიძაბოს ვითარება და, თუ მაინც დაიძაბება, აგერ არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, რომლებიც პოლიგონის ფუნქციას შეასრულებენ… არც საქართველოს, არც უკრაინას, არც მოლდოვას დღეს აღარ უკავიათ ამერიკის შეერთებული შტატების უახლოეს პოლიტიკურ გეგმებში 10-15 წლის წინანდელი მდგომარეობის მსგავსი ადგილი. ვაშინგტონს სერიოზული თავსატეხი აქვს, რაც, პირველ რიგში, განპირობებულია ჩინეთის შეუქცევადი გაძლიერებით და იმით, რომ კარგავს პოლიტიკურ-ეკონომიკურ პოზიციებს. სხვათა შორის, ბოლო მონაცემებით, ჩინეთში მთლიანი შიდა პროდუქტი 18%-ით გაიზარდა და ეს მაშინ, როცა ამერიკაში სამომხმარებლო ფასებმა კატასტროფულად მოიმატა… არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ინდოეთი, რუსეთი, ბრაზილია, ამცირებენ თავიანთ ეკონომიკაში დოლარით ვაჭრობის წილს. მაგალითად, წლების წინათ თუ 95% იყო რუსეთში ეს მაჩვენებელი, ახლა 80%-იც არ არის. აი, ეს მოიტანა სანქციებმა და ევროპა ამას უკვე მიხვდა, ამიტომ მოუხსნეს რუსეთს “ჩრდილოეთი ნაკადი-2”-ის გამო დაწესებული სანქციებიც. საერთოდ, სანქცია არის იმის გამოვლინება, რომ შენ არგუმენტებს ვერ პოულობ, რომ დაუჯდე ოპონენტს და ელაპარაკო.
_ სხვათა შორის, “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისე მიიღო, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის არც უცნობებია, ზელენსკიმ, როგორც ამბობენ, ეს ამბავი მედიით შეიტყო…
_ რა თქმა უნდა, ვაშინგტონი არაფერს არ შეუთანხმებს კიევს, ისევე, როგორც საქართველოს, ბალტიისპირეთს და ა.შ. მეტიც, ის ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში, საერთოდ, არ განიხილავს მათ ინტერესებს. ამის შედეგია ის, რაც დღეს უკრაინას სჭირს _ სრულიად დემორალიზებულია შეიარაღებული ძალები, არის დეზერტირობა და ომში წასვლა არავის არ უნდა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჯარი 215 ათასიდან აიყვანეს 250 ათასამდე და სამყოფი საკვებიც კი არა აქვთ… ნატომ და, უწინარესად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ფაქტობრივად, ხელი დაიბანეს ჩვენზე; ხელი დაიბანეს უკრაინაზე, მოლდოვაზე და გვითხრეს, ჩვენ ახლა არ გვცალია რუსეთისთვის, ამიტომ, რამე რომ იყოს, ჩვენგან ეს მემორანდუმი იკმარეთ და თქვენ თვითონ უნდა იყოთ მზად მასთან პირისპირ დასადგომადო…
_ რით უნდა უპასუხოს საქართველომ ამ ყველაფერს, დიდ სახელმწიფოებს შორის ინტერესთა კონფლიქტის ეპიცენტრში რომ არ აღმოვჩნდეთ?
_ ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ჩემი პოზიცია უცვლელია. საქართველომ პრინციპულად, დეკლარირებული პოლიტიკის დონეზე უარი უნდა თქვას ყოველგვარ ალიანსებზე, ვგულისხმობ სამხედრო მიუმხრობლობას. ახლა აქ შეიძლება ზუსტად ისეთი ნეიტრალიტეტი ვერ გამოვიდეს, როგორიც, ვთქვათ, შვეიცარიას აქვს; გასაგებია, რომ ის სხვა გეოპოლიტიკურ მოცემულობაშია, მაგრამ პრინციპი უნდა იყოს მიუმხრობლობა. სხვა შემთხვევაში, ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს თავიანთ ტერიტორიებზე არ დაეჯახებიან, ისინი დაეჯახებიან ჩვენს ტერიტორიაზე, ისევე, როგორც ეს მოხდა უკრაინაში, სირიაში და ა.შ. ვინ დამარცხდება საბოლოოდ, მგონი, ადვილი გამოსაცნობია… აი, ეს არ ესმის იმ ხალხს, რომელიც ქმნის ილუზიას, რომ ნატო მიგვიღებს; აგერ კარი ღიაა და ხვალ თუ არა, ზეგ შევალთ… კიდევ ათეულობით სამიტი ჩატარდება, მოვისმენთ იმავე ზღაპრებს და არ იქნება არც ერთი რეალური ნაბიჯი. რეალობაში ამ ყველაფრის განხორციელების საკითხი არასოდეს არ დადგება…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია