ბრალდების შემდეგ საჩუქრები, დაგეგმილზე მალე დასრულებული ისტორიული შეხვედრა და მოლოდინები

ბრალდების შემდეგ საჩუქრები, დაგეგმილზე მალე დასრულებული ისტორიული შეხვედრა და მოლოდინები – რაზე ისაუბრეს პუტინმა და ბაიდენმა.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ისტორიული შეხვედრა, რომელსაც მსოფლიო მოუთმენლად ელოდა, 16 ივნისს ჟენევაში, ფეშენებელურ ვილა ლა გრანჟში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს 2018 წლის შემდეგ რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის გამართული პირველი შეხვედრა იყო.

მსოფლიოს ორ ყველაზე ძლიერ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა, შეიძლება ითქვას დაიძაბა, რამაც მთელ მსოფლიოზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. სწორედ ამ მოცემულობამ კიდევ უფრო გაზარდა მსოფლიოს ინტერესი პრეზიდენტების შეხვედრის მოლოდინები.

მას შემდეგ, რაც ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, ამასთან, რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნდა თუ არა ვლადიმერ პუტინი მკვლელად ბაიდენმა უპასუხა – დიახ.

რუსეთის პრესმდივანმა პესკოვმა, ბაიდენის განცხადებას ქვეყნებს შორის ურთიერთობებში „უპრეცედენტო“ უწოდა, და ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ რუსეთი „მკაფიო“ პასუხს გასცემდა ბაიდენის ნათქვამს.

სწორედ შეხვედრამდე არსებული რეალობა და გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, ისმებოდა კითხვები, თუ რამდენად შეძლებდნენ პუტინი და ბაიდენი საერთო ენის გამონახვას.

საბოლოო ჯამში პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილზე ხანმოკლე აღმოჩნდა.

ჟენევის სამიტმა დაგეგმილზე ბევრად უფრო ნაკლები (3 საათი) გასტანა. ჟენევაში პუტინისა და ბაიდენის სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველ სესიას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდნენ. მეორე სესია შესვენების შემდეგ დაიწყო და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მასა და ვლადიმერ პუტინს საუბრისთვის მეტი დრო არ დასჭირვებიათ. მისივე თქმით, ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ნამდვილი პერსპექტივა არსებობს. ლიდერებმა პრესკონფერენციები სამიტის დასრულების შემდეგ ცალ-ცალკე გამართეს. ბაიდენმაც და პუტინმაც შეხვედრა დადებითად შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინს შეკვეთით დამზადებული სათვალე „ავიატორები“ აჩუქა, რომელიც Randolph USA-მ დაამზადა. აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს ამერიკული ბიზონის ბროლის სკულპტურაც უსახსოვრა, რომელიც Steuben Glass-მა დაამზადა. უცნობია, რა საჩუქარი გაუკეთა თავად პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტს.

|რაზე ისაუბრეს ლიდერებმა!?

– ელჩები
ჟენევის სამიტზე რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვში თავიანთი ქვეყნების ელჩებს დააბრუნებენ. მათივე თქმით, ეს ყველაფერი ქვეყნებს გაუარესებული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაში დაეხმარებათ.

ცნობისთვის, აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა ვაშინგტონი მარტში, მას შემდეგ დატოვა, რაც ბაიდენმა ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუში პუტინს მკვლელი უწოდა. მოგვიანებით კი, აშშ-მ ალექსეი ნავალნის მიმართ მოპყრობის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა. რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ სალივანმა კი მოსკოვი აპრილის თვეში დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ჟენევის სამიტზე ორივე ქვეყნის ელჩი იმყოფებოდა.
ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კონსულტაციებს ისეთ დიპლომატიურ საკითხებზეც დაიწყებენ, როგორიცაა საკონსულოების დახურვა ერთმანეთის ქვეყნებში, რუსი მოქალაქეების დასაქმების სტატუსი, რომლებიც აშშ-ს საელჩოში მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ კრემლის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, შეერთებული შტატების საელჩოს რუსეთში, რუსი მუშახელის აყვანა აეკრძალა. შედეგად, ამერიკის საელჩოს მისი საკონსულოს თანამშრომლების 75%-ით შემცირება და მომსახურებების შეზღუდვა მოუწია.

ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჯონ სალივანი მოსკოვში მომავალ კვირაში დაბრუნდება.

– კიბერ-უსაფრთხოება
მოსალოდნელი იყო, რომ ბაიდენის და პუტინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა კიბერ-უსაფრთხოება იქნებოდა. აპრილში ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს სანქციები დაუწესა SolarWinds-ის ჰაკერული თავდასხმის და არჩევნებში ჩარევის გამო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტებსა და 100-ზე მეტ კომპანიას შეეხო. გარდა ამისა, ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ხორცის მწარმოებელი კომპანია და აშშ-ს უდიდესი მილსადენი, Colonial Pipelines. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, თავდასხმებზე პასუხისმგებელი ჯგუფები რუსეთიდან მუშაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს რაიმე გრანდიოზული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. თუმცა, პუტინი და ბაიდენი შეთანხმდნენ განეხილათ თუ რა გახდა აშშ-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის მთავარი წყარო.

ბაიდენის თქმით, ის და პუტინი შეთანხმდნენ, რომ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას კიბერ ან სხვა სახის შეტევები არ უნდა შეეხოს. აშშ-ს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მან რუსულ მხარეს 16 ასეთი ინფრასტრუქტურული ობიექტის სია მისცა (მათ შორის ენერგეტიკა, არჩევნები, საბანკო და წყლის სისტემები, თავდაცვის ინდუსტრია).

კიბერუსაფრთხოების საკითხს თავისი პრესკონფერენციის დროს შეეხო ვლადიმირ პუტინიც. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყნები ამ საკითხში თანამშრომლობას დაიწყებენ.
ჯო ბაიდენი

– ბირთვული შეიარაღება
ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადებით მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა მოხდეს.

„ჩვენ, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა აღვნიშნეთ, რომ აშშ-მა და რუსეთმა გამოავლინეს, რომ დაძაბულობის პერიოდშიც კი, მათ შეუძლიათ პროგრესის მიღწევა ჩვენს საერთო მიზნებზე, რათა უზრუნველყონ პროგნოზირება სტრატეგიულ სფეროებში, შეამცირონ შეიარაღებული კონფლიქტის რისკები და ბირთვული ომის საფრთხეები.

New START-ის ხელშეკრულების გაგრძელება აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ბირთვული იარაღის კონტროლისადმი. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პრინციპს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და არასოდეს უნდა მოხდეს. ამ მიზნების შესაბამისად, უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები და რუსეთი ერთად იწყებენ ინტეგრირებულ ორმხრივ სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგს, რომელიც იქნება მიზანმიმართული და ძლიერი.

ამ დიალოგის საშუალებით, ჩვენ ვცდილობთ საფუძველი ჩავუყაროთ იარაღის კონტროლისა და რისკის შემცირების სამომავლო ზომებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადება ჟენევის შეხვედრის დასრულების შემდეგ კრემლის საიტზეც გამოქვეყნდა.

– პატიმრების გაცვლა
ბაიდენის თქმით, მან პუტინთან საუბრის დროს განიხილა ამერიკელი მოქალაქეების საქმეები, რომლებიც რუსეთის საპატიმროებში იხდიან სასჯელს. თავის მხრივ პუტინმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი და დისკუსია გაგრძელდება.

ცნობისთვის, აშშ-ში ამჟამად სასჯელს იხდის იარაღით ცნობილი მოვაჭრე ვიქტორ ბუტი. 2011 წლის ნოემბერში ნიუ-იორკის სასამართლომ ბუტი დამნაშავედ ცნო და მას ტერორისტული ორგანიზაციებისათვის იარაღის მიყიდვის მცდელობის გამო, 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი მის განთავისუფლებას ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა. მეორე პატიმარი, კონსტანტინე იაროშენკოა, რომელიც აშშ-ში კოკაინის დიდი პარტიის ტრანსპორტირების მომზადებისთვის 20 წლიან სასჯელს იხდის.

თავის მხრივ, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამერიკის ორი მოქალაქ, პოლ უელანი და ტრევორ რიდი რუსეთში „უსამართლოდ სხედან ციხეში“.

პოლ უელანი მოსკოვში 2018 წელს დააკავეს. მას რუსეთმა ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენა და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსკოვის სასამართლომ ამერიკის მოქალაქეს ტრევორ რიდს 2019 წლის ზაფხულში დაკავების დროს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

NBC News-სთან ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა რიდს „არეულობის გამომწვევი“ უწოდა.
ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი

– ადამიანის უფლებები და ნავალნის საქმე
ბაიდენის თქმით, ის პუტინთან ადამიანის უფლებებზე საუბარს გააგრძელებს, რადგან ადამიანის უფლებები არის სწორედ ის, რაზეც აშშ დგას.

„მე მას ვუთხარი, როგორ შეიძლება ვიყო აშშ-ის პრეზიდენტი და ხმა არ ავიმაღლო ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ? მე მას ვუთხარი, რომ თუ ნავალნი მოკვდება, შედეგი რუსეთისათვის დამანგრეველი იქნება“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა პუტინთან რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმე განიხილა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნავალნიმ ზუსტად ის მიიღო, რასაც იმსახურებდა.

შეგახსენებთ, რომ ნავალნი მიმდინარე წლის იანვარში მაშინ დააკავეს, როდესაც რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით მოწამლული პოლიტიკოსი რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა.
ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი

– ავღანეთი და ირანი
ბაიდენის თქმით, მას პუტინმა ავღანეთის შესახებაც კითხა და სურვილი გამოთქვა, რომ იქ მშვიდობა და უსაფრთხოება შენარჩუნდეს. ამაზე ბაიდენმა მიუგო, რომ ეს ყველაფერი თავად რუსეთის პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რაზეც პუტინმა დასძინა, რომ ის მზადაა დასახმარებლად.

ვლადიმერ პუტინმა ავღანეთში ტერორისტული ძალადობის პრევენციაზეც ისაუბრა.

ასევე, ბაიდენის ადმინისტრაცია ახალ მცდელობებს დაიწყეს იმისათვის, რომ ირანმა ბირთვული გარიგების პირობები შეასრულოს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ ირანის ბირთვული შეთანხმება 2019 წლის მაისში დატოვა.

– უკრაინა
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას.

„შეხვედრაზე განვაცხდე, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ დიპლომატიურ ძალისხმევას მინსკის შეთანხმების ფარგლებში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ უკრაინის საკითხზე გარკვეული მსჯელობა მართლაც გაიმართა.

„რაც შეეხება უკრაინას, დიახ, ეს საკითხი წამოიჭრა. ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან დაწვრილებით, მაგრამ მე რამდენადაც მივუხვდი პრეზიდენტ ბაიდენს, ის თანახმაა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების მოწესრიგებას საფუძვლად დაედოს მინსკის შეთანხმება. რაც შეეხება ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებას, ამ თემას გაკვრით შევეხეთ და აქ განსახილველიც არაფერია“ – აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა 16 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტთან საქართველოზე არ უსაუბრია.

წყარო: ptn.ge