აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი.
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
– “სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 147 აბი და 5 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი. გ.შ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 18 საბრძოლო ვაზნა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-6 ნაწილებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს” – ნათქვამია ინფომრაციაში.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: itv.ge