“ალბათ ვისარგებლებთ ტელეხიდებით და სოციალური მედიით” – მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა იმ შეთანხმებიდან არ გავა, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება.

“მე არ მგონია, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც გაბედავს და შეთანხმების პირობებიდან ნებისმიერი საბაბით, რაც არ უნდა იყოს ეს, გავა. ყველა საკითხს, რაც არის გადასაწყვეტი, ასე ვუდგებით, დაჩქარებულ ტემპში. ასევე ვიქცევით ჩვენ კონსტიტუციასთან მიმართებით, როდესაც ერთი თვის გასაკეთებელს ჩვენ გავაკეთებთ სულ რამდენიმე დღეში, მომავალ დღეებს შეეხება და ერთ კვირაში ჩვენ გვექნება ის სამუშაო ჩატარებული, რასაც სხვა შემთხვევაში ვატარებდით ხოლმე ერთი თვის განმავლობაში, რადგან ამის საშუალებას რეგლამენტი იძლევა. საყოველთაო-სახალხო განხილვას რაც  შეეხება, ჩვენ ალბათ ვისარგებლებთ ტელეხიდებით და ასევე სოციალური მედიით და ჩვენ მივცემთ საშუალებას მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ ამ განხილვებში,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.