დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ გაუუქმდათ მოქალაქეებს „ასტრაზენეკას“ მეორე დოზაზე ვაქცინაზე ჯავშნები.
„მინდა განმარტება გავაკეთო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის იმ დეფიციტურ ხარჯვაზე, რაც ქვეყანაში დღეს გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდა 2-ჯერ, ორივეჯერ დაახლოებით 43 ათასი დოზა. დაახლოებით, 86 600-მდე დოზა ერთად. პირველი შემოსვლა იყო მარტის 13-ში, მეორე აპრილის შუა რიცხვებში და მესამე შემოსვლა უნდა ყოფილიყო „კოვაქს“ პლატფორმით შესყიდული ვაქცინა მაისის შუა რიცხვებში.
შემდგომ მოწოდების ეს ვადა გადავიდა ივნისზე, ჯერ დასაწყისში და შემდეგ, დადასტურდა, რომ მოგვეწოდებოდა ივნისის 22 რიცხვში გამთენიისას. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან, რომლებსაც ახლა არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს მოწოდება ვერ მოხდა და ამიტომ შეგვექმნა, დაახლოებით, 4-5 ათასამდე ვაქცინის დეფიციტი „ასტრაზენეკასი“,“ — აცხადებს გამყრელიძე.
გამყრელიძე განმარტავს, რომ 30 ივნისამდე პერიოდში ვაქცინაციაზე 30 ივნისამდე ჩაწერილი იყო, დაახლოებით, 5 ათასი ადამიანი, აქედან პირველ დოზაზე — 1 250-მდე. ძირითადად კი ეს დეფიციტი რესპუბლიკურ და ინფექციურ საავადმყოფოებშია.
„ყველა იმ მოქალაქეს, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ აცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით, უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობას, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება.
ამასთან, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზიდან 10-12 კვირის პერიოდში, შეფერხების გარეშე შეძლებენ აცრას მათ მიერ შერჩეულ თარიღში,“ – ამბობს გამყრელიძე.
გამყრელიძე ასევე აცხადებს, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე დარეგისტრირდნენ, ალტერნატივის სახით შესთავაზებენ ან „სინოფარმით“, ან სინოვაკით აცრას. ამასთანავე, ყველა, ვინც ჩაწერილია პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში, ჩვეულებრივად აიცრებიან მათ მიერ არჩეულ დროს.
ხოლო ის ადამიანები, რომლებმაც მეორე დოზა დაჯავშნეს პირველი დოზიდან 4-10 კვირის განმავლობაში, „ვთხოვთ მოთმინებას. მათ დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებათ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვეცოდინება, თუ როდის შემოდის ვაქცინის დამატებით 43 ათასი დოზა“.
„ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო, თქვენი ჯავშანი გაუქმებულია“ — ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება ასობით მოქალაქემ მიიღო, ვინც „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით უახლოეს დღეებში უნდა აცრილიყო.
“ნეტგაზეთი”