კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე განათავსა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას.
„ჩემი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების დაცვაა. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და 21 მარტიდან კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის.
ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება. ეს პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით.
აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.