ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის აპარატის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. სახალხო დამცველი ეს ვიზიტი რამდენიმე კვირის წინ დაიგეგმა. ~
„ჩამოვედი აპარატის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებებზე, ასევე გვახლავს ბავშვთა ფსიქოლოგი. თუ ბავშვებს ექნებათ სურვილი, ვაპირებთ მათთან გასაუბრებასაც.
უპირველესად, შეხვედრები გვექნება პანსიონის ხელმძღვანელობასთან, ვიცი, რომ მეუფე იაკობი ადგილზეა და შემდეგ ასევე ვაპირებთ, რა პროცესები მიმდინარეობს ბავშვების საჭიროებებთან დაკავშირებით და რას აკეთებდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც, როგორც ვიცით 24 საათი იმყოფებიან აქ. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები,“ – აცხადებს ლომჯარია ჟურნალისტებთან.
ლომჯარია ამბობს, რომ მისი აქ ჩამოსვლა დაგვიანებულია, მას აქ თვეების განმავლობაში ვიზიტისთვის არ უშვებდნენ. თუმცა, ის ასევე დასძენს, რომ ამ ეტაპზე პანსიონში 15 აღმსაზრდელი იმყოფება და მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილ ბავშვებთან დაკავშირებითაც ალტერნატიულ ზრუნვაში გადაყვანის გადაწყვეტილება დროულად მიიღონ.
„დამატებით დეტალებს, ვიტყვით შეხვედრის შემდეგ,“ — ამატებს ის.
ჟურნალისტების კითხვაზე, ბავშვებთან გასაუბრების შესახებ, ნინო ლომჯარია დასძენს, რომ ამ სივრცეში და ამ აღმზრდელების პირობებში, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბავშვებმა შესაძლოა თავისუფლად ვერ ისაუბრონ.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.
ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.
“ნეტგაზეთი”