გლდანში “ბროწეულას სკვერის” სრული რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისში, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, “ბროწეულას სკვერის” რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს, 30 ივნისს განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული პარკი, დაახლოებით, 10 000 კვ.მ-ზეა განთავსებული და მისი სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

“ამ პროექტის ფარგლებში აქ განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, მოეწყობა კალათბურთის, ფეხბურთის მოედნები, ჭადრაკის მაგიდები განთავსდება. ასევე იქნება ძაღლების გასასეირნებელი დამოუკიდებელი სივრცე, რომ იქ მისულ ადამიანებს არ შეუქმნან დისკომფორტი.

ასევე გაკეთდება ველობილიკი, სკეიტბორდის მოედანი, წყლის სოკოები და რა თქმა უნდა, ასევე ფიტნეს ზონა, რადგან ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სატრენაჟორო სივრცეები, ყველა თაობის ადამიანი, ქალები, კაცები დაკავებულები არიან ვარჯიშით და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება განათების სისტემა და მოწესრიგებული იქნება სარწყავი სისტემა და მგონია, რომ ძალიან კარგი დამატებითი რეკრეაციული სივრცე შეემატება გლდანის რაიონს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, — განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, “ბროწეულას სკვერს” მოსახლეობა დღესაც იყენებს, თუმცა იქ არსებული მდგომარეობა დედაქალაქის მერიის მიერ სკვერებისთვის დაწესებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

 

“ნეტგაზეთი”