წმინდა სინოდმა კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მრევლისთვის გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა.
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდება გახმოვანების საშუალებები, რისკ ჯგუფებში მყოფ ადამიანებს, ასევე, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სურვილის შემთხვევაში, სასულიერო პირები ადგილზე მოემსახურებიან. ამასთან, წმინდა სინოდი მრევლს მოუწოდებს, ყოველ დღე გარკვეული ლოცვები წაიკითხოს.
გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქო მზაობას გამოთქვამს, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტები მიიღოს.
„წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს:
1.ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით;
2.სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარსა და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება;
3.ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმლის მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით;
4.რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს: ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შეთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ასევე, სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები;
5.წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და მოვერიდებით, გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი.
არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთმხარდაჭერას. ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი.
6.ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან. ყოველდღე ვთქვათ ლოცვები: „მამაოჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ“ და „მოწყალებისა კარი განგვიღე“, რათა ერთობით შევავედროთ უფალს საქართველო და მთელი მსოფლიო;
7.საქართველოს ეკლესია მზად არის, გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებზე. ასევე, საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები.
არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ საუკუნეების მანძილზე: სტიქიური უბედურება, ომები, სხვადასხვა სახის ეპიდემია… ღრმად გვწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ჩვენ ერთად – ერი და ბერი – გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს“, – აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. სინოდმა სხდომაზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობაზე იმსჯელა და ზიარების წესი უცვლელი დატოვა.