სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობით თურქეთი მსოფლიოს ათეულშია. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, თურქეთი სხვადასხვა მცენარეული პროდუქტის წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ეს მცენარეული პროდუქტებია თხილი, ბალი, ლეღვი, გარგარი, კომში და ყაყაჩოც კი – წერს east-fruit-ი.
სააგენტოს თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც გასულ წელს, კოვიდპანდემიის უარყოფითი გავლენის მიუხედავად, თურქეთმა მცენარეული პროდუქციის წარმოება, წინა წელთან შედარებით, 7,6%-ით გაზარდა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობით თურქეთი ევროპისა და მსოფლიოს ტოპ-10 ქვეყნებში შედიოდა. ამ მაჩვენებლით თურქეთმა 2005-2019 წლებში ევროპაში პირველი, მსოფლიოში კი მეშვიდე ადგილი დაიკავა.
გარდა ამისა, თურქეთი შაქრის ჭარხლის წარმოებაში მე-5 ადგილზეა, ლიმნისა და ყურძნის წარმოებაში – მე-6-ზე, ხოლო ბამბის წარმოებაში მე-7 ადგილს იკავებს.
მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 1,1 ტონა თხილს აწარმოებენ, რაშიც თურქეთის წილი 69%-ია, ხოლო კომშის წლიური წარმოება მსოფლიოში 666,6 მილიონი ტონაა. ამ მოცულობაში თურქეთს 26%-იანი წილი უკავია.
ტკბილი ბალის მსოფლიო წარმოება წელიწადში, დაახლოებით, 2.6 მილიონი ტონაა, რაშიც თურქეთის წილი 26%-ია, ხოლო ლეღვის მსოფლიო წარმოება 1.3 მილიონი ტონაა, რომლის 24% თურქეთში მოყავთ. ლეღვის მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
გარდა ამისა, გარგარის ჩირის მსოფლიო წარმოებაში თურქეთის წილი 21%-ია და ამ მაჩვენებლითაც ის პირველ ადგილზეა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ (bpn.ge)