„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების მიერ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ძალადობის წახალისებაა.
– “ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ ლიდერები და მეორე მხრივ, სასულიერო პირები აგრძელებენ პირდაპირ ძალადობის წახალისებას ამ განცხადებებით. სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ივანიშვილის რეჟიმს აქვს ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების დაცვის და ამ ვალდებულების შესრულების მაგივრად, პირდაპირ სიგნალს უშვებს, რომ ზოგიერთ ჩვენ მოქალაქეს, მათი აზრით, არ აქვს იგივე უფლებები, რაც ყველა დანარჩენს.
ეს არის საფრთხე არამხოლოდ ამ უმცირესობის ჯგუფისთვის, რომელიც ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების და ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის გამო, არამედ ყველა ჩვენთაგანის თავისუფლებისთვის არის საფრთხე. ამიტომ არის პრინციპული საკითხი ამ მანიფესტაციის ღიად მხარდაჭერა ყველა მოქალაქის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალის მხრიდან, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი, თავისუფლება და ჩვენი თავისუფლება ძვირფასია“ – განაცხადა ბოკერიამ.
წყარო: itv.ge