აშშ ბელარუსს უკრაინასთან საზღვრის ჩაკეტვის გამო, პასუხს აგებინებს – ამერიკელი მაღალჩინოსანი 

აშშ-ის მთავრობა ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ ბელარუსმა მეზობელ უკრაინასთან საზღვრები ჩაკეტა და ვაშინგტონი პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობას საკუთარი ქმედებისთვის პასუხს აგებინებს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

„როგორც ჩანს, ლუკაშენკოს რეჟიმი კიდევ ერთხელ ცდილობს გადაიტანოს ყურადღება იმ რეპრესიების კამპანიისგან, რომელსაც ის ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. გავაგრძელებთ ბელარუსი ხალხის მხარდაჭერას და რეჟიმს პასუხს ვაგებინებთ”, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ცნობისათვის, გუშინ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სასაზღვრო ძალებს უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა დაავალა.

„უკრაინიდან ბელარუსში უზარმაზარი რაოდენობის იარაღი ხვდება. ამიტომ, მე სასაზღვრო ძალებს უკრაინასთან საზღვრის სრულად ჩაკეტვა დავავალე“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.