რუსი პოლიტოლოგი: ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ – იტალიას უნდა დავეხმაროთ!

ცნობილი რუსი პოლიტოლოგი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი სერგეი მარკედონოვი ეხმაურება ვლადიმირ პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს ევროკავშირის წევრ იტალიას, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე დადგა:

“ჩვენი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, დავეხმაროთ იტალიას, სწორია. გასაგებია, რომ ეს ქვეყანა მადლიერების ნიშნად უცბად არ მოინდომებს ნატოდან და ევროკავშირიდან გამოსვლას, არ შემოვა ოდკბ-სა და ევრაზეს-ში, და არც სანქციებს მოხსნის. მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ დღევანდელი მიდგომა მუდმივია. გზას გაუმკლავდება მხოლოდ ის, ვინც ამ გზაზე მიდის, საჭიროა მომავლისკენ გახედვა. დროა, გავიგოთ, რომ ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ. ვინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ აპენინის ნახევარკუნძულზე განვითარებული მოვლენები ჩვენ არ გვეხება? ბოლოსდაბოლოს ბევრი მათგანი, ვისაც რუსეთში აღმოაჩნდა ინფექცია, სწორედ იტალიიდან ჩამოვიდნენ, შესაბამისად, ეს ჩვენი პრობლემაა. უნდა შევიცნოთ ეს საშინელი იტალიური ფენომენი მათსავე “მოედანზე”. ექიმები და სხვა სპეციალისტები მიიღებენ ფასდაუდებელ გამოცდილებას არა წიგნებიდან და დისტანციურად, არამედ უშუალოდ, ადგილზე. ღმერთმა ინებოს, რომ ეს გამოცდილება არ დაგვჭირდეს, მაგრამ გამოცდილების მიღება მნიშვნელოვანია.

მეორეც, მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც აღფრთოვანებული იყო ფასეულობების პოლიტიკით. მაგრამ არსებობს საერთო-ადამიანური ფასეულობები. არ შეიძლება, ეს დავივიწყოთ. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ იმიტომ არ ვეხმარებით იტალიას, რომ ჭკუა ვასწავლოთ ამერიკას და ბრიუსელის ბიუროკრატიას. ჩვენ უკვე ვქმნით დადებით მაგალითს, როგორიც ასე აკლია დღევანდელ მსოფლიოს. ვერავინ, ცალკე აღებული, ვერ გაუმკლავდება საერთო მასშტაბის პრობლემებს. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორია, ვინც რა არ უნდა თქვას პოლიტიკის ცინიკურობაზე (ცინიზმის გარეშეც არ არსებობს პოლიტიკა). მაგრამ: რა პოლიტიკური მოსაზრებებიც არ უნდა იქნას გამოყენებული, ადამიანები ჩვენს საქციელს დააფასებენ, დღეს თუ არა, ხვალ – მაშინ, როდესაც დადგება სიღრმისეულად დაფიქრების დრო” – წერს მარკედონოვი თავის პირად ფეისბუკ-გვერდზე.