მარნეულის შემთხვევა, შეიძლება, სასარგებლოც აღმოჩნდეს

სამწუხარო შემთხვევა მოხდა – ერთი უპასუხისმგებლო ქალის გამო, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოში კორონავირუსით დაავადებული დაბრუნდა, მაგრამ თავისი მოგზაურობის მარშრუტი არ გაამხილა, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. ორივე მუნიციპალიტეტში, შესვლა და გამოსვლა აიკრძალა, – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

“მარნეულში ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა ათეულობით ადამიანი. სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ესაა ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ცნობილია, ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომელსაც 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ეს ყველაფერი ძალზე სამწუხაროა, მაგრამ შეიძლება, სასარგებლოც აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ახლა გაირკვევა, თუ როგორია კორონავირუსის გადამდები ძალა –  ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით. მთავარია, რომ ხელისუფლებამ და ექიმებმა იციან, ვინ არის ეს 80-ზე მეტი ადამიანი, ვისაც ერთ ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი!

წინ რამდენიმე დაძაბული და კრიტიკული დღე გველის.