თბილისში, ორთაჭალაში, მტკვარში დამხრჩვალ 36 წლის შოთა ქარსელაძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ.
მისი გმირობის ამბავი მთელმა საქართველომ შეიტყო. იმ საბედისწერო დღეს მტკვარში 14 წლის გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. შოთა ქარსელაძე, თურმე, ამ ამბავს შეესწრო. იმის მიუხედავად, რომ ცურვა არ იცოდა, ის წყალში შევიდა, მოზარდის გადარჩენა შეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა და წყალში დაიხრჩო.
“შოთიკო და ჩემი ბავშვები, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ერთ ბაღში დადიოდნენ, თითქმის ტოლები არიან, შოთიკო შედარებით პატარა იყო. წლებია, დიდ დიღომში ვცხოვრობთ. ამ ოჯახს დიდი უბედურება 1990-იან წლებში შეემთხვა. ძალიან კარგი მამა ჰყავდა შოთიკოს, მოწესრიგებული, კარგი ბიჭი. სამ შვილს ზრდიდა ცოლ-ქმარი. 28 წლის იყო მამამისი, ავტოავარიას რომ შეეწირა. სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, მაშინ ამდენი ტრანსპორტი არ იყო ქალაქში. აღმაშენებლის ხეივნიდან გზა გადმოკვეთა და ამ დროს მანქანა დაეჯახა. იქვე გარდაიცვალა. მთელი უბანი გლოვობდა მაშინ ამ ტრაგედიას. მას შემდეგ შოთიკოს დედამ, მარინამ სიმწრით გაზარდა სამი შვილი, ორი გოგო და ერთი ბიჭი. შოთიკო ნაბოლარაა. მარინა ფოსტაში მუშაობდა, ძალიან კარგი ადამიანია, თავის ობლებს ზრდიდა. ძალიან მოწესრიგებული და კარგი შვილები გაზარდა. გამორჩეული ბიჭი იყო შოთიკო.
ყველას საოცრად უყვარდა და ძალიან გვატკინა გული. მშრომელი, ადამიანების საოცრად მოყვარული ბიჭი იყო. ნამახვანის აქციებში მონაწილეობდა, იქაც გადაურჩენია ადამიანი დახრჩობას, არადა ცურვა არ იცოდა. ვინმეს რამე თუ უჭირდა, მის გვერდით შოთიკო ყოველთვის იყო. შოთიკო ყველაზე ზრუნავდა, იცნობდა თუ არ იცნობდა, ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამ ტრაგედიაზე მხოლოდ ის ვიცით, რომ, თურმე, ბავშვები “სელფს” იღებდნენ, უცებ გოგონა წყალში გადავარდა და შოთიკო მაშინათვე ჩავიდა წყალში და მოახერხა მისი გადარჩენა, საუბედუროდ, თვითონ დაიხრჩო. სხვა დეტალები არ ვიცით. ღამის 2-ის ნახევარზე გავიგეთ ეს ამბავი. გაოგნებული შემოვიდა ჩემი ბიჭი ოთახში, დაბლა უნდა წავიდე, შოთიკო გარდაცვლილაო. იმხელაზე ვიკივლე, ძალიან განვიცდი. ძალიან კარგი ახალგაზრდა დააკლდა ჩვენს ქვეყანას”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” შოთიკოს მეზობელმა მარინა ტალიკაძემ.
წყარო: “კვირის პალიტრა”