17 ივლისს „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩი ვეღარ შედგება, – ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
მიზეზი COVID-19-ია, რომელმაც, მანამდე, სამხრეთ აფრიკასთან 9 ივლისს გასამართი მეორე შეხვედრა ჩაშალა.
„გამოკვლევების შედეგად, ბორჯღალოსნების ბანაკში ვირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა და მანამდე ინფიცირებული წევრების მდგომარეობაც სტაბილურია, თუმცა COVID-19-ს თავისი პროტოკოლი აქვს. შინ დაბრუნებული, არაინფიცირებული ბორჯღალოსნები 8 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა იყვნენ და ამ პერიოდში ვერც ვარჯიშს შეძლებენ, რაც მომავალი შეხვედრისთვის მომზადებას შეუძლებელს ხდის. შედეგად, შოტლანდიასთან საშინაო თამაში ამ ზაფხულს ვეღარ შედგება“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, ბაჩო ხურციძე აცხადებს, რომ არის რისკი, ვირუსი სხვა მოთამაშეებსაც ჰქონდეთ და ის ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ გამოვლინდეს.
„სამწუხაროდ, ძალიან არ გაგვიმართლა. ვირუსის 3 შემთხვევას, ორი დღის წინ კიდევ 3 დაემატა, რაც შტამის სირთულიდან გამომდინარე უკვე დიდი ციფრია. ასეთ დროს, რეგულაციის თანახმად, შინ დაბრუნებული მოთამაშეები იზოლაციაში უნდა გადავიდნენ და ვერ ივარჯიშებენ. არის რისკი, რომ ვირუსი სხვა მოთამაშეებსაც ჰქონდეთ და ის ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ გამოვლინდეს. ამიტომ, მსოფლიო რაგბის, ჩვენი და შოტლანდიის რაგბის კავშირების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეს თამაში გაუქმდა. გვსურდა, რომ შოტლანდიასთან თამაში 24 ივლისს გადაგვეტანა, მაგრამ ის არ ჯდება მსოფლიო რაგბის საერთაშორისო მატჩების ფანჯარაში, რაც როგორც საქართველოს, ასევე შოტლანდიის ნაკრებების მოთამაშეებს კლუბებთან პრობლემებს შეუქმნიდა. ძალიან სამწუხაროა ასეთი მნიშვნელოვანი ზაფხულის ტესტები რომ გაგვიუქმდა. კიდევ კარგი, სამხრეთ აფრიკასთან ერთი ისტორიული ტესტის გამართვა მოვასწარით, სადაც გუნდმა ღირსეული თამაში აჩვენა. შოტლანდიასთან შეხვედრა უნდა გამხდარიყო ამ სერიის კულმინაცია და არავინ იცის, ის რა შედეგით დასრულდებოდა, თუმცა რეალობას ვეღარ შევცვლით და ახლა უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, ჯერ ფრენჩაიზის და მერე ნაკრების მატჩებისთვის“, – ამბობს ბაჩო ხურციძე.
“იმედინიუსი”