უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქალაქთაშორისო მოძრაობა ავტობუსებს, მიკროავტობუსებსა და მატარებლებს აეკრძალათ. მხოლოდ ავტომანქანებით გადაადგილება არ არის შეზღუდული.
საბჭოს რეკომენდაციები გარკვეულწილად შეეხო ტაქსებსაც. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურული არ უნდა იყოს. ასევე, მძღოლმა უნდა გადაიყვანოს მაქსიმუმ ორი მგზავრი, რომლებიც მოთავსებული იქნებიან უკანა სავარძელზე დისტანციის დაცვით.
ეს გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა გამოვლინდა.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.