საქართველოში ვისაც ტემპერატურა აქვს და ვისაც წამოახველეს, ყველაზე თუ ვიფიქრეთ, რომ კორონავირუსი აქვს, ეს არის პანიკის დათესვის მცდელობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გურჯაანიდან თბილისში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით 2 მამაკაცი და 1 ბავშვი გადმოიყვანეს. პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების სეზონი ჯერ არ გასულა.
„დღეს საქართველოში უამრავ ადამიანს აქვს გაციების სიმპტომები. რას ნიშნავს კორონავირუსის სიმპტომებით გადმოიყვანეს? დღეს არის გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების სეზონი. არ დამთავრებულა ეს სეზონი ჯერ. საქართველოში ვისაც ტემპერატურა აქვს და ვისაც წამოახველებს, ყველაზე თუ ვიფიქრეთ, რომ კორონავირუსი აქვს, ეს არის პანიკის დათესვის მცდელობა,“ – განაცხადა იმნაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაზრდილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში კორონავრიუსით ინფიცირების შემთხვევების შემოსვლა ხდება.
„უკვე ფიქსირდება თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები. დაემატა აშშ-დან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები. შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია საკმაოდ გაფართოვდა და ჯერჯერობით ყველა კონტროლის ქვეშ არის,“ – განაცხადა იმნაძემ.