“ჩვენ პატიმრებს ვიცავთ კორონავირუსისგან” – თეა წულუკიანი

ჩვენ შევქმენით როგორც მედიკამენტების, ასევე სურსათის მარაგები. კვების კომპანიას, მაღაზიის ქსელის კომპანიასთან ერთად ეკუთვნის საჯაროდ ძალიან დიდი მადლობა, მუშაობენ ხელიხელ ჩაჭიდებული ჩვენთან ერთად, იმისთვის რომ არა მხოლოდ გარედან შემომავალი ვირუსისგან დავიცვათ პატიმრები, არამედ შიგნით ციხეში მათ არ დააკლდეთ არც მედიკამენტი და არც პროდუქტი, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მან ონლაინ მართლმსაჯულებაზეც ისაუბრა. წულუკიანის ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში უკვე 95 დისტანციური სასამართლო გაიმართა.

„რამდენიმე დღის წინ აიკრძალა პატიმრების სასამართლოში წარდგენა და იმისათვის, რომ სისხლის სამართლის პროცესი არ დაზიანდეს, ჩვენ პროკურატურის, სასამართლოს და ადვოკატურის წარმომადგენლების მონაწილეობით, ონლაინ სასამართლოები ავაწყვეთ. ბოლო სამ დღეში 95 პროცესი გაიმართა ამ გზით. ეს არის ის ბარიერები, რაც აღვმართეთ, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ეს დღეს თუ არის საკმარისი, შეიძლება ხვალ აღარ იყოს, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ, რომ ციხე იყოს დროებით კიდევ უფრო დაკეტილი სისტემა. სანამ კორონავირუსი ბოლომდე არ აღმოიფხვრება, ქართული ციხე იყოს მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან ჯამში 13 ადამიანი განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

.