საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და „ლიბერთი ბანკთან“ აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, – შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო.
ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხდება პენსიების განსხვავებული წესით გაცემა. კერძოდ, პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში – აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას.
„როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ „ლიბერთი ბანკმა“ მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავისი რესურსებით მოეხდინა 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის პენსიის წინასწარი დარიგება. მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ინიციატივა გავრცელდეს ყველა პენსიონერზე. გამოიყო შესაბამისი სახსრები და დაიწყება პენსიების დარიგება. ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი არის კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. ეს თანხა ჩაირიცხება პენსიონერები საბანკო ანგარიშებზე. რაც შეეხება განაღდების წესს, მნიშვნელოვანია, რომ პენსიონერი დაელოდოს ბანკის ინსტრუქციას, თუ სად და როდის იქნება შესაძლებელი ამ თანხის განაღდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა.
„23 მარტიდან „ლიბერთი ბანკმა“ დაიწყო სპეციალური 100-მილიონიანი პროგრამა, რომელიც 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის პენსიის წინასწარ გაცემას ეხებოდა. ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაგვეხმაროს ამ კამპანიის ყველა პენსიონერზე გავრცელებაში. შესაბამისად, ყველას შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა. ჩვენ სპეციალურად შევქმენით ვებგვერდი myliberty.ge, სადაც შესაძლებელია იმის ნახვა, თუ ვის როდის შეუძლია ფულის განაღდება. ვთხოვთ ამ ადამიანების ახლობლებთან, ნუ გამოუშვებენ მათ სახლიდან მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ იმ კონკრეტულ დღეს მათ ნაღდი რიგის აღება უწევთ. გარდა ამისა, ბარათის გამოყენება შესაძლებელია სააფთიაქო ქსელებში, სასურსათო პროდუქტები მაღაზიებში“, – აცხადებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი.