ქორწილისა და სხვა სუფრებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ აცრაზე

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომელიც დღეს საქართველოშია, მოქალაქეების მეტ თვითშეგნებას მოითხოვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კოვიდრეგულაციები ყველამ უნდა დაიცვას.

„თუ ყველა ჩვენგანი შევასრულებთ რეკომენდაციებს, არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ გვექნება უნივერსიტეტისა და სკოლის დამთავრების დიდი თავყრილობები, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 ათასი ადამიანი იკრიბება, არ წავალთ კუსა და ლისის ტბებზე, თუ ყველა გავითავისებთ, რომ დღეს ცეცხლს ვეთამაშებით, ეს შედექი არ გვექნება. ქორწილისა და სხვა სურფებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

26 ივლისს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 37 ამცრელ პუნქტში, „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო. მობილიზებულია დამატებითი, ამცრელი ბრიგადები. ვაქცინის დოზები აქტიურად ნაწილდება რეგიონებშიც. იმ უბნებში, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაციის ადგილები შეივსო, მოთხოვნის შესაბამისად, დამატებითი დოზები მობილიზდება.

ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვისაა შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.

24 ივლისს, ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოში საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა შემოვიდა. ამასთან, ლიეტუვამ საქართველოს „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა აჩუქა. „ფაიზერზე“ რეგისტრაციისთვის, პორტალი 24 ივლისს, 12:00 საათზე გაიხსნა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 407 689 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 376 088, გარდაიცვალა 5 731 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

“იმედინიუსი”