როგორ გადადის და არ გადადის კორონავირუსი – განახლებული მონაცემები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაქვეყნა კორონავირუს-19-ის პრევენციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. “ჯანმოს” ვებგვერდზე, 29 მარტის თარიღით გამოქვეყნებულ ცნობაში, კერძოდ, აღნიშნულია:

კორონავირუსი არ გადადის ჰაერით. სხვაგვარად რომ ითქვას, თუკი ჯანმრთელი ადამიანი მოხვდა იმ ადგილზე, ღია სივრცეში, სადაც იმყოფებოდა ვირუსის მატარებელი რამდენიმე საათის ან თუნდაც რამდენიმე წუთის წინ, ინფიცირება არ მოხდება.

ინფიცირება ხდება წვრილი შხეფების პირდაპირი გადაცემით, რომლებიც დასნეულებულის სასუნთქი მილებიდან (დასნეულებულის ცხვირიდან ან პირიდან, ხველება-ცემინების დროს) გამოდის. ამასთან, ჯანმრთელი ადამიანი სნეულდება ავადმყოფთან დაახლოებით 1 მეტრის მანძილზე ყოფნის დროს.

“ჯანმო” ირწმუნება, რომ ვირუსის შემცველი წვეთები ძალზე მძიმეა საიმისოდ, რომ ჰაერში გაჩერდეს. წვეთები რჩება რაიმე საგნის ზედაპირზე, მაგრამ არა ჰაერში.

სხვა სამედიცინო წყაროებიდან აღებული ინფორმაციებით, შეგვიძლია, ვიცოდეთ, რომ კორონავირუსი Covid-19 სპილენძის ზედაპირზე დაახლოებით 4 საათის მანძილზე ცოცხლობს, კარტონსა და ქაღალდზე – 24 საათი, ხოლო პლასტიკატსა და უჟანგავ რკინაზე – მთელი 3 დღით. ანალოგიური შედეგები ჰქონდა ატიპიური პნევმონიის გამომწვევ კორონავირუს SARS-საც, რომლის ეპიდემია 2003 წელს აღინიშნა.