აპრილის მესამე, მეოთხე დეკადაში პაციენტების მომართვიანობა განსაკუთრებით გაიზრდება, ეს ყველაფერი ვარაუდია, მაგრამ ზრდა იქნება, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ მაქსიმალურად ზედმიწევნით შეასრულონ სპეციალისტების რეკომენდაციები.
„ისეთი განცდა გაჩნდა, თითქოს, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს პრობლემა თითქმის, მოგვარებულია. ეს ასე არ არის, ჯერ ქვეყანას მთავარი ბრძოლები წინ აქვს და ამ ბრძოლაში თითოეული ადამიანის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემასთან და ექიმებთან ერთად. ამიტომაც კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ გაათმაგებული ყურადღებით მოექცნენ რეკომენდაციებს და ზედმიწევნით შეასრულონ ყველა მოთხოვნა, რასაც სპეციალისტები ხშირად აჟღერებენ“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
საქართველოში კორონავირუსის 98 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.