დიდი საერთაშორისო წნეხი აუცილებელია იმისათვის, რათა „ქართულმა ოცნებამ“ შეიგნოს, რომ ის ქვეყანას აზიანებს – გიგი წერეთელი.
„საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ კრიტიკა არავისთვის ახალი არ არის, მაგრამ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ამ შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება გაცილებით უფრო მძაფრი და სულ სხვა ხარისხის კრიტიკა გამოთქმული, მათ შორის, საუბარი იქნება სანქციებზე, იქნება საუბარი საქართველოს კურსის ცვლილებაზე დასავლეთიდან ჩრდილოეთისაკენ და კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ ქვეყანა ძალიან ზიანდება და ზარალდება”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ბევრი შეფასება იყო უკვე ერთი დღის განმავლობაში, სენატორების, ევროპელი ჩვენი კოლეგების, ლიდერების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ელჩების და ა.შ.
ეს ყველაფერი გაგრძელდება და ეს წნეხი აუცილებელია იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიგნოს, რომ ის ქვეყანას აზიანებს და აზარალებს, არამარტო საკუთარ თავს.
ძალიან კარგად თქვა სენატორმა რიშმა, ვფიქრობ, მოკლე შეჯამება შეიძლება იყოს ეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე და საქართელოს მოსახლეობას უკეთესი ხელისუფლება ეკუთვნის და ამას იმსახურებს.
ამრიგად, ეს არის ჩვენი მოსახლეობის ხელში და რაც უფრო დროულად დასრულდება ამ ხელისუფლების მმართველობა, მით უფრო სწრაფად დაიწყებს საქართველო გამოსვლას ამ რთული პერიოდიდან“ – განაცხადა წერეთელმა.
შეგახსენებთ, გუშინ “ქართული ოცნების” ლიდერებმა განაცხადეს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია.
წყარო: itv.ge